2025 წლის პირველ კვარტალში სომხეთის საბანკო სისტემის მოგება 24.9%-ით 100.6 მლრდ დრამამდე გაიზარდა [$258.3 მლნ], მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 80.5 მლრდ დრამს შეადგენდა [$206.7 მლნ]. ინფორმაციას სააგენტო „არკა“ აქვეყნებს.
მათი ცნობით, სომხეთში მოქმედმა 17 ბანკმა მოგებაზე იმუშავა. ამასთან 12-ს წლიურად მოგება გაეზარდა, 5-ს კი შეუმცირდა.
სააგენტო „არკას“ რეიტინგის მიხედვით, მოგების მიხედვით ბანკების რეიტინგში „არდშინბანკი“, „ამერიაბანკი“, „აკბა ბანკი“, „ინეკობანკი“ და „ევოკაბანკი“ ლიდერობენ. მთლიან მოგებაში უმსხვილესი 5 ბანკის წილი 72.5%-ს შეადგენს და ჯამურად მათი მოგება 72.9 მლრდ დრამია [$187.3 მლნ].
რეიტინგის მიხედვით, ყველაზე მაღალი მოგება პირველ კვარტალში „არდშინბანკმა“ მიიღო და ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა. მისი წმინდა მოგება 40.9%-ით 35.7 მლრდ დრამამდე [$91.6 მლნ] გაიზარდა, მაშინ როდესაც 2024 წლის პირველ კვარტალში 25.4 მლრდ დრამი [$65.2 მლნ] იყო.
რეიტინგში მეორე ადგილს „ამერიაბანკი“ იკავებს, რომელიც Lion Finance Group-მა გასულ წელს შეიძინა. მისი მოგება იანვარ-მარტში 26.1%-ით 16 მილიარდ დრამამდე [$41 მლნ] გაიზარდა, 2024 წლის პირველ კვარტალში 12.7 მლრდ დრამი [$32.6 მლნ] იყო.
მესამე ადგილს „აკბა ბანკი“ 7.8 მლრდ დრამის [$20 მლნ] მოგებით იკავებს, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მოგებას 34.1%-ით აღემატება.
მოგების შემცირების მიუხედავად, რეიტინგში მეოთხე ადგილი „ინეოკბანკმა“ დაიკავა 7.4 მლრდ დრამით [$19 მლნ], რაც 2024 წლის პირველი კვარტალის მოგებას 0.2%-ით ჩამორჩება.
ხუთეულს კი „ევოკაბანკი“ ხურავს, რომელმაც პირველ კვარტალში 5.9 მლრდ დრამი [$19 მლნ] მიიღო, რაც გასული წლის მაჩვენებელს 98%-ით აღემატება.


























