მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხური ყვავილების ჭარბი ნაკადი საქართველოს ბაზარზე - რა საფრთხის წინაშე დგანან ადგილობრივი მეწარმეები და მცირე ბიზნესი?

ყვავილები

სომხეთიდან რუსეთის მიმართულებით ყვავილების ექსპორტის შეფერხების გამო, სომხურ ბაზარზე შექმნილი ჭარბი პროდუქცია დიდ ნაკადად წამოვიდა საქართველოსკენ. შექმნილმა სიტუაციამ ადგილობრივ ბაზარზე ფასების არევა, უთანასწორო კონკურენცია და ქართველი მცირე და საშუალო მეწარმეებისა თუ დისტრიბუტორების მძიმე მდგომარეობაში ჩაყენება გამოიწვია - ამის შესახებ bm.ge-სთან ყვავილების ასოციაციის თანადამფუძნებელმა, რუსიკო მიქავამ განაცხადა.

მისი თქმით, პროცესი თავიდანვე ხარისხის პრობლემებითა და ბაზრის დესტაბილიზაციით დაიწყო.

„იმიტომ, რომ ეს ორივე ქვეყანა ჩაიკეტა, რუსეთის მიმართულება დაიბლოკა. შესაბამისად, ის ჭარბი პროდუქცია, რაც სომხეთში შეიქმნა, განსაკუთრებით ყვავილების სფეროში, სხვა სფეროზე ვერ ვიტყვი ძალიან დიდი ტალღით წამოვიდა საქართველოსკენ და ყველანაირი ხერხით შემოვიდა. პირველი დღეები იყო, როცა პროდუქცია შემოდიოდა, უკვე მაცივარში დიდხანს ნადგამი იყო, ხარისხის პრობლემა ჰქონდა. აქ სასწრაფოდ გაიხსნა რაღაც საწყობები, სომეხი შემომტანების, დაიწყო საქართველოში რეზიდენტი სომხების საწყობების.

სადაც იაფად იყიდებოდა ეს ყვავილი, რა თქმა უნდა, ბაზარზე ფასები აირია. ამას გარდა, ამ ბოლო დროს „გუდვილში“ გაჩნდა ყვავილები. შეიძლება, ეს სადისკუსიო თემაა უნდა იყოს თუ არა სუპერმარკეტში ყვავილები და ზოგადად, როგორ ქვეყანაში უნდა იყოს ეს. ჩვენსავით პატარა ქვეყანაში, დიდ ევროპულ ქვეყანაში, რას იწვევს ამ ყვავილის შემოტანა და ამ შედეგებზე საქართველოში ხომ არავინ ფიქრობს?

რეალურად, „გუდვილმა“ პირდაპირი იმპორტით შემოიტანა ყვავილები, როგორც თვითონ ამბობს, და თვითონ ახორციელებს ამ იმპორტს სომხეთიდან. ეს, სავარაუდოდ, არის დიდი სათბური, რომელმაც პროდუქციის რუსეთში გატანა ვერ შეძლო და იმდენად ჭარბი პროდუქცია აქვს, რომ უღირს, ძალიან დაბალ ფასად მიაყიდოს პირდაპირ „გუდვილს“ დიდი რაოდენობის ყვავილები. ამას ვერც ერთი დამოუკიდებელი დისტრიბუტორი და იმპორტიორი დღეს საქართველოში ვერ შემოიტანს და გამოდის, რომ „გუდვილს“ ეს ყვავილები გაცილებით იაფი უჯდება" - ამბობს მიქავა.

ასოციაციის წარმომადგენელი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმპორტირებული პროდუქციის მარკირებასა და ყვავილების ბიზნესის სეზონურობაზე.

„კიდევ ერთი თავისებურება ის არის, რომ იმპორტიორი არ აწერია ყვავილს, ანუ იმპორტით თუ შემოაქვთ, მელაპარაკებულები არიან და გამჭვირვალე პარკებით იფუთება, სადაც იმპორტიორი კი არა და მწარმოებელი წერია, სომხეთი. შესაბამისად, გამჭვირვალე პარკი თუ არის შეფუთული გარედან, მარტივად, თაიგულის შთაბეჭდილებას უფრო უკეთ ტოვებს".

მიქავას განცხადებით, ყვავილების სექტორში დიდი ფასნამატი აღარ არის და მაღაზიების ძირითადი შემოსავალი სადღესასწაულო პერიოდებზე მოდის. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სექტემბერი, როდესაც მაღაზიები აგვისტოში მიღებული ზარალის კომპენსირებას ცდილობენ.

ძირითადად, მათი [ყვავილების მცირე მაღაზიების] შემოსავლის წყარო დღესასწაულებია და ახლა სექტემბრის დღესასწაულებისთვის ამ მაღაზიებმა თუ მარაგი ვერ დაიგროვეს, იმიტომ, რომ აგვისტო, როგორც წესი, ზარალზე მუშაობენ და სექტემბერში ინაზღაურებენ ხოლმე ამ ზარალს.

ეს კიდევ მეორე პრობლემაა ამ სფეროსთვის. შეიძლება, ბიზნესი ბიზნესია, თავისუფალია და ბაზრის უხილავი ხელი ვიღაცაა ხოლმე, ეგეთი გამოსვლები, რასაც მე ნამდვილად არ ვეთანხმები, იმიტომ, რომ მართლა სახელმწიფოებრივად მიმაჩნია ახლა „გუდვილის“ ეს გადაწყვეტილება და მგონია, რომ ყოველი ცალკეული მენეჯერის გადაწყვეტილებაა, რომელმაც ნახა, რომ აქ ფული შეიძლება იშოვოს დროებით.

მინდოდა, რომ ეს პრობლემა უფრო გახმოვანებულიყო, იმიტომ, რომ მეწარმესაც აღარა აქვს პერსპექტივა. დღეს თუ ვარდი შემოდის, ხვალ ყველა სხვა ყვავილი შემოვა და გაიყიდება. სომხეთისთვის ექსპორტი ახლა წამალია“, - განაცხადა მიქავამ.

შეგახსენებთ, სომხეთიდან საქართველოში ყვავილების იმპორტი მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსეთმა სომხური პროდუქციის შეტანა აკრძალა. სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუარესდა. ერევნის ევროკავშირთან დაახლოებისა და ევროპული ინტეგრაციის კურსის გაძლიერების ფონზე, მოსკოვმა არაერთხელ გამოიყენა ეკონომიკური ბერკეტები, მათ შორის სომხური პროდუქციის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები.

ევროკავშირი, თავის მხრივ, ცდილობს სომხეთისთვის ახალი სავაჭრო შესაძლებლობების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებას რუსულ ბაზარზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წელს საქართველომ სომხეთიდან 3.3 მლნ აშშ დოლარის ყვავილები შეიძინა, გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით ზრდა 53.7%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები