სომხურმა ავიაკომპანია FlyOne-მა ბათუმის მიმართულებით ოპერირება დაიწყო. პირველი რეისი ავიაკომპანიამ 25 მაისს შეასრულა.
რეისები კვირაში სამჯერ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს შესრულდება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 115 785 მგზავრს მოემსახურა, რაც 26%-იანი კლებაა წლიურ ჭრილში. კლების მიზეზი საავიაციო საწვავზე ფასის გაორმაგება იყო, რამაც ავიაციის სექტორში კრიზისი გამოიწვია.
ბათუმის აეროპორტში მგზავრების კლებაზე ისაუბრა "ტავ ჯორჯიას" გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემაც: "ბათუმში ბევრად უფრო ცუდი სურათი გვაქვს. საერთო ჭრილში, შარშანდელთან შედარებით, ბათუმის აეროპორტში 30%-იანი კლებაა. იანვარიც ძალიან მძიმე იყო ცუდი ამინდების გამო და ძალიან ბევრი რეისი გაუქმდა, რის გამოც მარტსა და აპრილში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კლებამ 45-50%-მდე მიაღწია. ოთხ თვეში, საერთო ჭრილში, ბათუმის აეროპორტში, ასე ვთქვათ, 30%-იანი კლებაა. თუმცა არიან ახალი მოთამაშეები და ვიმედოვნებთ, რომ ისინი შემოვლენ და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს დაიწყებენ".
აღსანიშნავია, რომ FlyOne-ი უკვე წლებია თბილისის აეროპორტიდან დაფრინავს ერევნის მიმართულებით.




























