სომხეთი შესაძლოა სატელეკომუნიკაციო ბაზარზე საქართველოს კონკურენტი გახდეს. როგორ bm.ge-სთვის გახდა ცნობილი, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები რათა სწორედ ამ ქვეყანაში განთავსდეს საბაზისო ჩართვის წერტილები და მათი საშუალებითა ინტერნეტი და სხვა საკომუნიკაციო სერვისები რეგიონის ქვეყნებს, სწორედ სომხეთიდან მიეწოდოს. ის რომ საქართველოს სამეზობლოში მსგავსი მოქმედებები შეინიშნება ადასტურებს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი უჩა სეთური. მისი თქმით, არის რისკი, რომ საქართველომ სატელეკომუნიკაციო დერეფნის ფუნქცია დაკარგოს.
"შეიძლება საუბარი იყოს იმაზე რომ ე.წ. პირველი დონის IP ტრანზიტორი ოპერატორები შემოვიდნენ არა საქართველოში, არამედ საქართველოს გვერდის ავლით ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველომ შესაძლოა გარკვეულწილად დაკარგოს დერეფნის ფუნქცია ცენტრალური აზიისან და ირანის მიმართულებით", - განუცხადა სეთურმა bm.ge-ს.
მეზობელ ქვეყანაზე, მისი დაკონკრეტების გარეშე, მინიშნება გააკეთა კომპანია "ნიუ ტელკო ჯორჯიას" ხელმძღვანელმა გიორგი გოთოშიამაც. მისი კომპანია "ტელეკომ იტალიას" ადგილობრივ პარტნიორად მოიაზრება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ცდილობს შეთანხმება მიაღწიოს მაგისტრალური არხების მფლობელ ადგილობრივ ოპერატორებთან, გამოიყენოს მათი მაგისტრალური კაბელები იმისთვის, რომ ინტერნეტი საქართველოს საზღვრიდან თბილისამდე მიიტანოს.
როგორც გოთოშიამ განაცხადა, "ტელეკომ იტალია“ გეგმავდა თბილისში გაეკეთებინა მიერთების წერტილი, საიდანაც საკუთარ სერვისების გატანას შეძლებდა, როგორ ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
"თბილისის მაგივრად, ეს შესაძლებელია სხვაგან მოხდეს. იმის მაგივრად რომ ჩვენთან მოსულიყვნენ სერვისების საყიდლად, ჩვენ მოგვიწიოს სადმე მეზობლად ამისათვის წასვლა, მითუმეტეს რომ შეთავაზება "ტელეკომ იტალიას" უკვე აქვს“-განაცხადა გოთოშიამ bm.ge-სთან საუბრისას. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში ამბობენ, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტია, რომ ქვეყანა სატელეკომუნიკაციო ჰაბად იქცეს და ამ კუთხით მუშაობა მიდინარეობს.
"საქართველოს მდებარეობიდან გამომდინარე დიდი შანსი აქვს იყოს არა მარტო ლოგისტიკური ცენტრი და სატრანზიტო ქვეყანა, არამედ ტექნოლოგიების ჰაბიც, ამისთვის მთავრობაც და კომუნიკაციების კომისიაც თავ-თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ყველაფერს აკეთებენ და ჩვენ ამ მიმართულებით ვიმოძრავებთ სულ", - განაცხადა ბექაურმა bm.ge-სთან საუბრისას.