საქართველო სომხეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მხრივ გამოწვევების წინაშე დგება. სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებით ქართული ბიზნესი არაკონკურენტულ პირობებში აღმოჩნდება. ამ გადაწყვეტილებით ირღვევა სომხეთ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაც. რა ეკონომიკური დანაკარგები შეიძლება მოუტანოს საქართველოს სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებამ, ამის შესახებ კვლევა PMCG კვლევითმა ცენტრმა კონრად ადენაუერის ფონდთან ერთად ჩაატარა.
ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების გადაწყვეტილება სომხეთმა 2013 წელს მიიღო, რითაც დღგ-სა და აქციზის გადასახადისგან თავისუფლდება ევრაზიული კავშირის წევრი ქვეყნები: რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი. აქამდე სომხეთს საკმაოდ ლიბერალური საბაჟო ტარიფები ჰქონდა, თუმცა ევრაზიული კავშირის წევრობა ნიშნავს ახალი, საკმაოდ მაღალი საბაჟო ტარიფების დაწესებას არაწევრი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება 1998 წლიდან მოქმედებს, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის მოქმედება სომხეთს არ უკრძალავს სხვა კავშირში გაწევრიანდეს. როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, სომხეთს არ აქვს მკაფიო ხედვა, როგორ შეიცვლება პირობები იმ ქვეყნებთან, ვისთანაც სომხეთს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი აქვს.
საქართველოდან სომხეთში ძირითადად ავტომობილების რეექსპორტი ხორციელდება. წლის დასაწყისში სომხეთმა გამოაცხადა, რომ უქმდებოდა დღგ-სა და აქციზის გადასახადი იმ ქვეყნებთან, რომლებიც ევრაზიულ კავშირში არიან, ხოლო არაწევრი ქვეყნებისთვის საბაჟო ტარიფები გაიზრდება.
შესაბამისად, საქართველოში შეძენილი ავტომანქანის სომხეთში შეყვანის ღირებულება 20%-ით გაიზრდება, ვიდრე მაგალითად რუსეთთან. ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებამდე სომხეთს ნულოვანი ტარიფი ჰქონდა საქართველოსთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან, თუმცა რუსეთის საბაჟო ტარიფებზე დაფუძნებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ ნულოვანი ტარიფები უქმდება. შედეგად ანალიტიკოსები საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტის კიდევ უფრო შემცირებას პროგნოზირებენ. ბოლო წლების განმავლობაში საქართველო-სომხეთს შორის სავაჭრო ურთიერთობას რომ გადავხედოთ, ვახავთ, რომ 2013 წლიდან მოყოლებული სომხეთის წილი მთლიან ვაჭრობაში მცირდება. შემცირებულია საქართველოდან სომხეთში ავტომობილების რეექსპორტიც. მაგალითისთვის 2015 წელს საქართველოდან სომხეთში მანქანების ექსპორტი დაახლოებით 60%-ით შემცირდა 2013 წელთან შედარებით.
როგორც საერთაშორისო ვაჭრობის ანალიტიკოსი გიორგი პაპავა აცხადებს, სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებით და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით ავტომობილების რეექსპორტი საქართველოდან გართულდება და ზოგადად საქართველო არაკონკურენტული ქვეყანა გახდება ევრაზიული კავშირის წევრ ქვეყნებთან შედარებით, თუმცა როგორც პაპავა ამბობს, საინვესტიციო მიმართულებით შესაძლებელია სომეხი ინვესტორებისთვის საქართველო ევროკავშირის ბაზარზე გასვლის მხირვ საინტერესო იყოს.
იქიდან გამომდინარე, რომ მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ქართული ბიზნესი ინფორმირებული არ არის, PMCG-ის კვლევითი ცენტრი სახელისუფლებო ორგანოებს მოუწოდებს, მეზობელ სომხეთთან სავაჭრო ურთიერთობაში მყოფი ბიზნესების ინფორმირება მოახდინონ.
სომხეთი როგორც სატარიფო, ისე არასატარიფო ბარიერებს 2025 წლისთვის მიიღებს. ხოლო იმისათვის, რომ საქართველოს სომხეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი მხოლოდ ქაღალდზე არ დარჩეს, სპეციალისტები მთავრობას სომხეთთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების ძირითადი პირობების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებენ.

























