მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთის შემდეგ GPC აზერბაიჯანის ბაზარზეც შევიდა - ბაქოში Body Shop-ის მაღაზია გაიხსნა

62dbad44c2710
თათია კაკიაშვილი
23.07.22 12:40
2076
აზერბაიჯანში Body Shop-ის პირველი მაღაზია გაიხსნა. როგორც Body Shop-ის წარმომადგენელმა ირინა ადეიშვილმა BMG-ის განუცხადა, პირველ ეტაპზე კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა მილიონ ლარამდეა, მეორე ეტაპზე კი - ინვესტიციის მოცულობა გაიზრდება.

“ამჯერად, ბაქოში, ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო ქუჩაზე გავხსენით ჩვენი ფილიალი. შემოდგომაზე აზერბაიჯანის სავაჭრო ცენტრში - 28-ე მოლში ვგეგმავთ მორიგი ფილიალის გახსნას, რისთვისაც აქტიურად ვმუშაობთ", - განაცხადა ირინა ადეიშვილმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანის Body Shop-ში ათამდე ადგილობრივი მოქალაქეა დასაქმებული, თუმცა რამდენადაც კომპანია გაფართოებას აპირებს, პროპორციულად უფრო მეტ ადამიანს დაასაქმებენ.

ამასთან, Body Shop-ში აცხადებენ, რომ 2023 წელს სომხეთსა და აზერბაიჯანში Body Shop-ის ელექტრონული კომერციის ვებგვერდებიც გახდება ხელმისაწვდომი.

2022 წლის ბოლომდე მსგავსი ვებგვერდის გახსნა საქართველოშიც იგეგმება და კომპანიის პროდუქციით სარგებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გახდება შესაძლებელი.

დღესდღეობით, საქართველოში Body Shop-ი სულ ხუთი ფილიალით ოპერირებს, აქედან ოთხი თბილისში მდებარეობს, ერთი - ბათუმში.

შეგახსენებთ: აფთიაქების მსხვილი ქსელის მფლობელი GPC რომ აზერბაიჯანის ბაზარზე გეგმავდა შესვლას, ამის შესახებ BMG რამდენიმე თვის კომპანიის მფლობელ "საქართველოს კაპიტალზე" დაყრდნობით წერდა. ბაზრის ათვისების გეგმის მიხედვით, ბაზარზე შესვლა The Body Shop-სა და Afflelou-ს ბრენდის ფრენჩაიზებით იყო გაწერილი.

აღსანიშნია, რომ ეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში GPC-ის გაფართოების მეორე ნაბიჯი იქნება. სააფთიაქო ქსელი 2019 წლიდან წარმოდგენილია სომხეთში, სადაც 6 აფთიაქს და Body Shop-ის 2 ობიექტს ფლობს. 2021 წელს სომხეთის ბაზარზე შემოსავალი 4.8 მლნ ლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები