"McDonalds სომხეთში რესტორნის გახსნას არ აპირებს",- ასეთი სათაურით ვრცელდება სტატიები სომხურ მედიაში.
მედიაში აქტიურად განიხილება სომხეთში სწრაფი კვების საერთაშორისო ქსელის McDonalds-ის გახსნის საკითხი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ქართველმა ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ დააანონსა. თემურ ჭყონიამ განაცხადა, რომ მან სომხეთში ქსელის გახსნის ლიცენზია უკვე მიიღო.
როგორც სომხური მედია იტყობინება, ისინი ინფორმაციის გადასამოწმებლად ევროპის ცენტრალურ ოფისს დაუკავშირდნენ, სადაც McDonalds-ის სომხეთში გახსნის შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურეს.
"McDonald's იკვლევს და ანალიზს უკეთებს ეკონომიკურ და ბიზნესფაქტორებს, გახსნას თუ არა რესტორანი ახალ ბაზარზე და ახალ ქვეყანაში. ამ მომენტისთვის არ ვფიქრობთ, რესტორანი სომხეთში გავხსნათ",- განუცხადეს სომხურ სააგენტო newsarmenia-ს McDonald's-ის ევროპის ცენტრალურ ფილიალში.
სომხური მედიის ინფორმაციით, ოფიციალური წერილით McDonalds-ს სომხეთის ეკონომიკის სამინისტრომაც მიმართა. როგორც უწყების პრესსპიკერი სოციალურ ქსელში წერს, კომპანიამ სომხეთის ბაზარზე შესვლის შესახებ არც მათ დაუდასტურა ინფორმაცია.
„მადლობა საკითხით დაინტერესებისთვის. თქვენს მეილზე მოკლედ გიპასუხებთ. ამ მომენტისთვის ჩვენ არ გვაქვს რესტორნის გახსნისა და განვითარების გეგმები სომხეთში“,- ნათქვამია წერილში, რომელიც სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს კომპანიის ფრენჩაიზის რეგიონულმა დირექტორმა ჯეიმს სერნეტმა მისწერა.

























