მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Sony და Warner-ი Anthropic-ს სასამართლოში უჩივიან - რაში სდებენ კომპანიები ბრალს AI სტარტაპს?

Sony Warner Anthropic

Sony Music-ისა და Warner Music-ის მუსიკალურმა გამომცემლობებმა ხელოვნური ინტელექტის მოდელ Claude-ის შემქმნელ კომპანია Anthropic-ს კალიფორნიის ფედერალურ სასამართლოში საავტორო უფლებების დარღვევის გამო უჩივლეს.

არსებული ინფორმაციით, მოსარჩელეები თითოეული დარღვეული საავტორო უფლებისთვის $150,000-მდე ოდენობის კომპენსაციასა და კომპანიის მიერ მათი ნამუშევრების გამოყენების სასამართლო წესით აკრძალვას ითხოვენ.

სარჩელის დოკუმენტების თანახმად, Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის მოდელის მოსამზადებლად ტორენტ-პლატფორმებიდან The Beatles-ის, ტეილორ სვიფტის, მაიკლ ჯექსონისა და ასობით სხვა შემსრულებლის სიმღერების ტექსტები და ნოტები უკანონოდ ჩამოტვირთა. გამომცემლები აღნიშნავენ, რომ Claude-ს მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე დაცული ტექსტების ზუსტი ასლების გენერირება და ბაზარზე კონკურენტი მასალის შექმნა შეუძლია. მუსიკალური გიგანტების განცხადებით, მოპასუხის $1-ტრილიონიანი საბაზრო შეფასება სწორედ ინტელექტუალური საკუთრების მასობრივ მითვისებას ეფუძნება.

რაც შეეხება მოპასუხე მხარის პოზიციას, Anthropic-ის წარმომადგენელმა სარჩელს უსაფუძვლო ბრალდებები უწოდა და განაცხადა, რომ კომპანია სასამართლოში თავს მტკიცედ დაიცავს. ტექნოლოგიური კომპანიის განმარტებით, ხელოვნური ინტელექტის მოდელების სწავლება საავტორო უფლებებით დაცული მასალების სამართლიანი გამოყენების პრინციპში ჯდება.

ცნობისთვის, Anthropic-ის წინააღმდეგ საავტორო უფლებების დარღვევის გამო სასამართლო დავა წამოიწყო Universal Music Group-მაც, რომლის საქმის განხილვაც ამ დრომდე გრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები