სათამაშოების ჩინური კომპანია Pop Mart-ისა და Sony Pictures-ის განცხადებით, პოპულარული "ლაბუბუ"-ს თოჯინები მალე სრულმეტრაჟიან ფილმში გამოჩნდებიან. კომპანიების ერთობლივი განცხადების თანახმად, ფილმი "ლაბუბუს" შესახებ, რომელიც რეალურ კადრებსა და კომპიუტერულ ანიმაციას გააერთიანებს, "განვითარების ადრეულ ეტაპზეა".
ფილმის რეჟისორი პოლ კინგი იქნება, რომლის ნამუშევრებს შორისაა Wonka, Paddington და BBC-ის კომედიური სერიალი The Mighty Boosh. პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
ბოლო წლებში "ლაბუბუ" გლობალურ სენსაციად იქცა. მისმა გაყიდვებმა Pop Mart-ი სათამაშოების მწარმოებელ გიგანტად აქცია, რომლის ღირებულებაც თითქმის 40 მილიარდ დოლარს შეადგენს და რომელმაც ისეთ დამკვიდრებულ კონკურენტებსაც გადაუსწრო, როგორიცაა ბარბის შემქმნელი კომპანია Mattel.
"ლაბუბუ"-ს ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი Pop Mart-ს დაეხმარა, სათამაშოების ბაზრის ფარგლებს გასცდენოდა და პეკინში თემატური პარკი გაეხსნა. ახლა კი კომპანია კინოინდუსტრიაში ინაცვლებს.
"ლაბუბუ" Pop Mart-ის ყველაზე პოპულარული სათამაშოა. მისი მიმზიდველობის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ იყიდება "სიურპრიზ-ყუთებში" (blind boxes) - მყიდველმა შეფუთვის გახსნამდე არ იცის, კონკრეტულად რომელი "ლაბუბუ" შეხვდება.
ათ წელზე მეტი ხნის წინ ჰონგკონგელი არტისტის, კასინგ ლუნგის მიერ შექმნილი "ლაბუბუ" სკანდინავიური მითოლოგიით შთაგონებული ტყის ელფია და ლუნგის წიგნების სერიის, The Monsters-ის (მონსტრები) ნაწილს წარმოადგენს, რომელშიც უამრავი ფანტასტიკური პერსონაჟია თავმოყრილი.
"ლაბუბუ"-ს ფილმის შესახებ განცხადება ოთხშაბათს პარიზში, სათამაშოს 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გლობალური საგამოფენო ტურის ფარგლებში გაკეთდა.
ლუნგი ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი იქნება. რეჟისორობის გარდა, კინგი ფილმის თანაპროდიუსერიც იქნება და სცენარზე სტივენ ლევენსონთან ერთად იმუშავებს.




























