ყველაზე ძვირად ღირებული მუსიკალური გარიგება შედგა - Sony Music-ი ამიერიდან მაიკლ ჯექსონის მუსიკალური ჩანაწერებისა და საავტორო უფლებების ნახევარს ფლობს, რაშიც კომპანიამ მინიმუმ $600 მილიონი გადაიხადა - უცხოური მედიის თანახმად, ეს არის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ტრანზაქცია, რომელიც სოლო არტისტის მუსიკისთვის გატარებულა. შესაბამისად, მაიკლ ჯექსონის სრული მუსიკალური კოლექცია $1.2 მილიარდადაა შეფასებული.
გარიგებაზე მუსიკალური ინდუსტრია უკვე თვეებია, რაც ლაპარაკობს. გაიყიდა როგორც ჯექსონის ცნობილი მეგაჰიტები, ასევე სიმღერები ჯექსონის “Majic” გამომცემლობის ავტორობით, რომლებსაც სხვა არტისტები, მაგალითად, რეი ჩარლზი და არეტა ფრანკლინი, ასრულებდნენ.
გარიგების ერთ-ერთ მხარეს იურიდიული ფირმა Estate of Michael Jackson წარმოადგენს, რომელიც 2009 წელს პოპვარსკვლავის გარდაცვალების შემდეგ მის აქტივებს განაგებს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინდუსტრია მსგავსი კიდევ ერთი ტრანზაქციისთვის ემზადება, რომელიც როკჯგუფი Queen-ის აქტივებს გაასხვისებს.