"ეს მხოლოდ დასაწყისია, ფრენების შეზღუდვა და ტურისტული ნაკადის შეზღუდვა პირველი ნაბიჯია და ჩვენს რეაქციას აკვირდებიან, რას ვიზამთ; შემდეგ რუსეთს სხვა ბერკეტები აქვს, რომლითაც შეზღუდვები შეუძლია", - ამის შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“ კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანმა სოსო ბერიკაშვილმა პუტინის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ე.წ. ტურისტული ემბარგოს შესაძლო შედეგების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, 8 ივლისიდან ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იზღუდება.
„ტურისტული ემბარგოთი", ამ გადაწყვეტილებით აღფრთოვანებული ვერ ვიქნები; რა თქმა უნდა, ეკონომიკისთვის ეს ცუდია და სავარაუდოდ, ძალიან გაგვიჭირდება, თუმცა ერთი მხრივ, არ მინდა, რომ აპოკალიპტური სცენარი დავხატო, ხოლო მეორე მხრივ, როდესაც მეზობლად რუსეთი გყავს, ამ აპოკალიპტური სცენარის განვითარების შესაძლებლობა ყოველთვის არის.
რა შეიძლება გავაკეთოთ სასწრაფოდ? ჩვენ, სამწუხაროდ, ბოლო წლებში რუსეთს ძალიან ჩამოვეკიდეთ, მათ შორის ტურისტულ ნაწილში. კომფორტის ზონაში ვიყავით იმიტომ, რომ ეს არის დაბალი ხარისხის სერვისი, რომელსაც ჩვენ ვაწოდებთ და ისინი ამით კმაყოფილები არიან; რაოდენობა იზრდებოდა და რუსეთიდან ტურისტული ნაკადების მხრივ წელს განსაკუთრებით დიდი მოლოდინები იყო,“ - განაცხადა ბერიკაშვილმა.
მისივე განმარტებით, რუსი ტურისტების ნაკადების თვალსაზრისით, განსაკუთრებული პრობლემა აჭარის რეგიონში შეიქმნება.
„არ უნდა დავპანიკდეთ იმიტომ, რომ ამით ქვეყანა არ დაიქცევა, რადგან გრძელვადიან პერიოდში სარგებელს აქედან აუცილებლად ვნახავთ, თუ ამ ყველაფერს სწორად გამოვიყენებთ. არ მჯერა იმის, რომ რუსი ტურისტები უცბად ჩანაცვლდებიან ევროპიდან და ამერიკიდან მაღალშემოსავლიანი ტურისტებით, თუმცა ჩვენ შეგვიძლია შეთავაზება პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტურისტებს გავუკეთოთ ყაზახეთიდან, უკრაინიდან; ასევე ლიეტუვა და პოლონეთი ძალიან აქტიურობენ. ისე ხდება, რომ ჩვენ მთავრობასაც ასწრებენ რეაგირებას", - განაცხადა ბერიკაშვილმა.

























