"ოქროს სიის" წევრი კომპანიებისთვის შეღავათების გაუქმება იყო ერთ-ერთი მთავარი თემა პრემიერთან და ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან შეხვედრაზე.
როგორც ბიზნესის წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში აცხადებდნენ, ისინი კიდევ ერთხელ შეეცადნენ მთავრობა დაერწმუნებინათ გაეუქმებინათ შესაბამისი ბრძანება, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ფინანსთა სამინისტრო გადაწყვეტილებას არ ცვლის და როგორც თავად ბიზნესი ამბობს, ეს თემა დაიხურა.
კერძო სექტორის წარმომადგენლების თქმით, დღეს ფინანსთა მინისტრმა რამდენიმე არგუმენტი მოიყვანა, რასაც "ოქროს სიის" შეღავათების გაუქმების გადაწყვეტილება დაეფუძნა, თუმცა დღეს ბიზნესმა ღიად არ ისაუბრა, რა არგუმენტებს უპირისპირებს ბიზნესს მთავრობა; თუმცა ერთი რაც ღიად ითქვა, არის ის, რომ ბიზნესი ივანე მაჭავარიანის ყველა არგუმენტს არ იზიარებს.
„მიგვაჩნია, რომ უნდა გაუქმებულიყო ეს ბრძანება, მაგრამ ასევე ჩვენ ყოველთვის კონსტრუქციულად და რაციონალურად ვცდილობთ, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე ჩვენდა სამწუხაროდ, ამ გადაწყვეტილების გაუქმება არ ხერხდება.
რამდენიმე არგუმენტია. ჩვენთვის მისაღები იქნებოდა გაუქმებულიყო ეს გადაწყვეტილება. ჩვენ ვართ ბიზნესი, ბიზნესს დამატებითი რეგულაცია არასდროს გვინდა.
რასაკვირველია ყოველთვის ვიცავთ თავს იმისაგან, რომ ახალი რეგულაციები არ შემოვიდეს, მაგრამ არის რამოდენიმე არგუმენტი. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა არგუმენტს ვიზიარებთ, მაგრამ ამ ეტაპზე ძალიან ღირებული იყო გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომ კომუნიკაცია რომ არ შედგა ადრე, ამასთან დაკავშირებით გვითხრეს, რომ ეს მომავალში აღარ გაკეთდება. ეს იყო გულახდილი კომენტარი. რაც შეეხება ამ გადაწყვეტილებას, აიხსნა გარკვეული არგუმენტაციით, რომელიც ჩვენ ამას ვიღებთ თუ არა სხვა თემაა. ამ ეტაპზე სჯობია თემა დაიხუროს“, - აცხადებს „ვისოლი ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

























