საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ახალმა პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ „საქმის კურსის“ ეთერში იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის წინაშე დგას.
ბიზნესმენმა გამოწვევებს შორის დაბალი მსყიდველობითი უნარი გამოყო, რომელზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რეგიონში შექმნილი ვითარება.
„თუ ჩვენ ვსაუბრობთ, ეკონომიკაში არსებულ მთავარ გამოწვევებზე, ალბათ ყველაზე მთავარია ის დაბალი მსყიდველობითი უნარი, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში; თუმცა აქაც ფართო სურათს თუ დავინახავთ და ობიექტურად შევაფასებთ ამ პროცესს, სამწუხაროდ, ეს ძირითადად გამოწვეულია იმ ნეგატიური ფონით, რომელიც შეიქმნა რეგიონში ანუ მეზობელ ქვეყნებში ნეგატიური ეკონომიკური კონიუნქტურით, რომლებიც ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენენ ჩვენს ქვეყანაზე და ამაზე ღიად უნდა ვისაუბროთ ყოველთვის. ესენი არიან ის ქვეყნები, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს მეზობლური ურთიერთობა, ასევე, ძალიან მჭიდრო სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები. ამის ძალიან ნათელი გამოხატულება იყო ის, რაც მოხდა ლართან მიმართებაში, რომელმაც ბუნებრივია, დააზიანა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და მოსახლეობა, მაგრამ ეს ასი პროცენტით გამოწვეული იყო საგარეო შოკით“, - განაცხადა ფხაკაძემ და დასძინა, რომ სწორედ „რეგიონში მიმდინარე სავაჭრო-ეკონომიკურმა კრიზისებმა მოახდინა გავლენა ჩვენი ქვეყნის ვლუტაზე“.
„ხდებოდა იმპორტის ინფლაცია ამ ქვეყნებიდან და ამ შემთხვევაში ერთადერთი გზა იყო ლარის გაუფასურება, თუმცა ლარის დევალვაციის პროცესს თუ გადავხედავთ, მან მეტ-ნაკლებად უმტკივნეულოდ ჩაიარა, ვიდრე - ჩვენს მეზობელ ქვეყნებში“, - აღნიშნა მან.
ამასთან, BAG-ის ახალი პრეზიდენტი ფიქრობს, რომ რეგიონში შექმნილი ვითარება საქართველოში ინვესტიცების მოზიდვაზეც გავლენას ახდენს.
„ასევე, ზოგადად, ჩვენს რეგიონში შექმნილი ეს ნეგატიური ფონი, ბუნებრივია, ზეგავლენას ახდენს ფულად გზავნილებზე, ინვესტიციების შემოდინებაზე, რამეთუ ესენი არიან ქვეყნები, საიდანაც შემოდიოდა ჩვენთან ინვესტიციები. ამ მხრივ, ჩვენ ყველას გვინდა, რომ ეკონომიკური ზრდა იყოს ორნიშნა, ყველას გვინდა, რომ ეკონომიკური სასწაულები მალე მოხდეს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამაში ხელი შეგვიწყოს რეგიონში არსებულმა სიტუაციამ და კონიუნქტურამ“, - განაცხადა ფხაკაძემ.

























