საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ახალი პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მეტი ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში“.
ამის შესახებ ფხაკაძემ „საქმის კურსის“ ეთერში 2018 წელს FDI-ის 35%-ით შემცირების მიზეზების კომენტირებისას განაცხადა.
„კონიუნქტურული რყევებია და დრამატულს ვერაფერს ვხედავთ, მაგრამ ზოგადად, ინვესტიციების ზრდაა მნიშვნელოვანი და ამაზე ვსაუბრობთ ძალიან ხშირად ხელისუფლებასთან. ეს ინტერაქცია ხშირად გვაქვს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მეტი ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში. ამას ცდილობს დიდი ბრიტანეთი, აშშ, რომელიც პირველი ქვეყანაა მსოფლიოში - ძალიან ბევრი შტატი ახალისებს ინვესტორებს, რომ ჩადონ ინვესტიცია კონკრეტულ შტატებში. უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველო არის პატარა და ღია ეკონომიკა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ინვესტიცია შემოვიდეს ქვეყანაში; ასევე, რაღაც იმუნიტეტი შევქმნათ, რომელიც მეტ-ნაკლებად დაგვიცავს საგარეო შოკებისგან“, - განაცხადა ფხაკაძემ.
ცნობისთვის: წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 232.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34.9 პროცენტით ნაკლებია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
არსებული მონაცემით, 2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 5-წლიან მინიმუმზე ფიქსირდება. აღნიშნულ მაჩვენებელზე დაბალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ბოლოს 2013 წელს დაფიქსირდა და 1 020.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

























