ბიზნესი ფინანსთა მინისტრის ბრძანებით "ოქროს სიის" შეღავათების გაუქმებას არ ეთანხმება და ამ დრომდე ამ გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვს.
ბიზნეს გაერთიანებებს ჯერ კიდევ არ აქვთ პასუხი, როგორ უპასუხებს მთავრობა მათ მიერ პრემიერ-მინისტრის სახელზე გაგზავნილ წერილს, სადაც კერძო სექტორი "ოქროს სიისა" და სხვა საბაჟო შეღავათების გაუქმების შესახებ განმარტებებს ითხოვს.
"ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე bm.ge-სთან საუბარში კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ბიზნესის მოთხოვნა არის სწორი და ამაზე მუშაობა გაგრძელდება, რათა ეს გადაწყვეტილება გაუქმდეს.
"კიდევ ერთხელ შევეცდებით გაუქმდეს ეს გადაწყვეტილება, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება. ეს იყო უკან გადადგმული ნაბიჯი და ძალიან ბევრი ბიზნესმენი გამოთქვამს ამაზე თავის უარყოფით პოზიციას და ვფიქრობ, ხელისუფლებასთან უნდა გავაგრძელოთ კომუნიკაცია და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთმანეთს გავუგებთ და მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც კარგია ბიზნესისთვის და ეკონომიკის განვითარებისთვის.
ჩვენ დავიცავთ ჩვენს პოზიციას, ვფიქრობთ, რომ მართლები ვართ", - აცხადებს სოსო ფხაკაძე.
შეგახსენებთ, რომ "ოქროს სიის" წევრი კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათები სრულად 2 ივლისიდან უქმდება.

























