"მე მხარს დავუჭერდი წახალისებას ტურიზმის სექტორში", - ასე ეხმაურება "ვისოლი ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე რუსეთის მიერ ე.წ ტურისტული ემბარგოს დაწესების შემდეგ ბიზნეს წრეებში გამოთქმულ ინიციატივებს, რომელიც ტურზმის სექტორში საგადასახადო შეღავათების დაწესებას გულისხმობს.
რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ BM.GE–სთან საუბარში განაცხადა, რომ რეგიონებში სასტუმრო ბიზნესის წახალისების მიზნით შესაძლებელია კერძო სექტორისთვის დღგ-ის შემცირება, ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ გადასახადის სრულად გაუქმება.
სოსო ფხაკაძეს ეს ინიციატივა მოსწონს და აცახდებს, რომ ახლა მნიშვნელოვანია მთავრობამ მოუსმინოს ბიზნესს, რა ტიპის მხარდაჭერა იქნებოდა მათთვის ყველაზე მისაღები.
"ტურიზმი არის ის სექტორი, საიდანაც ყველაზე მეტი შემოსავალი შემოდის ქვეყანაში. ასეთი შთამბეჭდავი ზრდა, ნებისმიერი ეკონომიკური პარამეტრის, როგორიც არის ტურიზმის ინდუსტრიაში, არცერთ ინდუსტრიაში არ დაფიქსირებულა ბოლო წლების განმავლობაში. ამიტომ იქ, საიდანაც ყველაზე დიდ შემოსავალს ვიღებთ, თუ უფრო მეტ ენერგიას და დროს ჩავდებთ, კიდევ მეტ შემოსავალს მივიღებთ.
როცა საგადასახადო შეღავათებზე ვსაუბრობთ, აქ ორად უნდა გავყოთ, ერთია თბილისი და ბათუმი და მეორეა რეგიონები. შესაბამისად, კონკრეტულ ჯგუფებს უნდა ვესაუბროთ, რა იქნებოდა მათთვის ყველაზე კარგი.
ჩვენ ახლა რაც უფრო მეტს მოვუსმენთ ბიზნესს, ეს არის როგორც ბიზნესისთვის, ისე ხელისუფლებითვის უფრო მომგებიანი", - აცხადებს სოსო ფხაკაძე.

























