შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოსო ჯაჭვლიანს ჟურნალისტის მიერ კითხვის დასმა ძალადობა ჰგონია.
„საქმის კურსმა“ სოსო ჯაჭვლიანი სასტუმრო „ბილტმორში“, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევრაზიის მთის კურორტების მესამე კონფერენციაზე ჩაწერა, თუმცა მასთან საქმიანი ინტერვიუ არ გამოვიდა.
კერძოდ, „საქმის კურსს“ აინტერესებდა, კონკრეტულად რას საქმიანობს სოსო ჯაჭვლიანი შპს „თეთნულდი დეველოპმენტში“ კურორტ „თეთნულდის“ განვითარებისთვის, მაგრამ ყოფილმა პარლამენტარმა თქვა, რომ ინტერვიუს არავის აძლევს.
„რატომ უნდა მოგცეთ თქვენ ინტერვიუ, იმიტომ რომ ჯერ არავის არ ვაძლევ. ვალაგებთ. ვემზადებით“, - აღნიშნა ჯაჭვლიანმა.
ჟურნალისტის რეპლიკას - „ხელფასს იღებთ და არ მუშაობთ „თეთნულდი დეველოპმენტში?“, სოსო ჯაჭვლიანმა ასეთი პასუხი გასცა:
„მე ეჭვი მეპარება რომ სოსო ვარ ჯაჭვლიანი. თავი დამანებე რა, ველოდები ადამიანს. მერე ჩავწეროთ.. რატომ ძალადობთ ჩემზე? ჩვენ ხომ ანტიდისკრიმანციული კანონი გვაქვს მიღებული. გინდათ თუ არა ვილაპარაკოთო და მერე ვილაპარაკოთ, თავი დამანებეთ რა“, - ჯაჭვლიანმა.
შეგახსენებთ, მერვე მოწვევის პარლამენტარი სოსო ჯაჭვლიანი შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიმდინარე წლის დასაწყისში დაინიშნა. როგორც "საქმის კურსისთვის“ გახდა ცნობილი, შპს "თეთნულდი დეველოპმენტში" სამეთვალყურეო საბჭო სპეციალურად სოსო ჯაჭვლიანისთვის შეიქმნა.

























