სოთბის სააუქციონო სახლმა გასაყიდად ლეგენდარული კალათბურთელის კობი ბრაიანტის სამი წყვილი ფეხსაცმელი გამოიტანა. ბოტასებიდან ორი წყვილი კობის მერვე მოდელებია, რომელიც სპორტსმენს 2010-იანი წლების დასაწყისში ეცვა, ხოლო ერთი მეექვსე, რომელიც ექსკლუზიური მოდელია.
მერვე მოდელს “ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” მეწამულ და ოქროსფერ ფერებში აქვს ნაწილები დატანილი, ამასთან ზედა ნაწილზე კამუფლაჟის ტონი აქვს დატანილი. რაც შეეხება Kobe 6-ს მას უფრო მეტად ნაცრისფერი შეფერილობა აქვს და მეწამულ ფერში გასდევს ნაიკის ლოგოც.
მერვე მოდელის ღირებულება 15-დან 30 ათას დოლარამდე მერყეობს, ხოლო მეექვსე მოდელის ფასი 10-დან 20-ათას დოლარამდეა განსაზღვრული. შესაძენად და შეთავაზებების გასაკეთებლად ბოლო დღედ 12 აპრილია ჩანიშნული და ამჟამინდელი შეთავაზება 11 ათას დოლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელად ლეგენდარული კობი ბრაიანტის ნივთებს შორის 927 ათას დოლარად 2000 წელს მოგებული საჩემპიონო ბეჭედი გაიყიდა, რომელიც ყველაზე ძვირად შეფასებული საგანია კალათბურთელის გაყიდულ ნივთებს შორის. ბეჭედი 14 კარატიანი ოქროსგანაა დამზადებული, რომელშიც 40 ბრილიანტის თვალია განთავსებული. მის შეძენაზე ჯამში 43 შეთავაზება შევიდა, თუმცა მყიდველმა საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა.