მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოცდაუცველთა გადამოწმებით სახელმწიფომ რამდენიმე ათეული მილიონი დაზოგა - ჯანდაცვის მინისტრი

მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმებით სახელმწიფომ რამდენიმე მილიონი დაზოგა. იანვრიდან - აგვისტომდე საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი დაახლოებით 140 ათასით არის შემცირებული. სარჯველაძე ამბობს, რომ შემწეობის მიმღები მოსახლეობის გადამოწმების პროცესი კვლავ გაგრძელდება.

"მოგეხსენებათ, სახელმწიფომ გადამოწმება თებერვლიდან დაიწყო. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის გადამოწმება მუდმივი და უწყვეტი პროცესია, რომელიც სტანდარტულად, ყველა სახელმწიფოსა და სისტემაში პერმანენტულად ხორციელდება. ჩვენი სახელმწიფოს შემთხვევაში, პანდემიის გათვალისწინებით, თავის დროზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მორატორიუმის გამოცხადების შესახებ, რაც საკმაოდ გახანგრძლივდა.

რაც შეეხება პროცესის განახლებას, ის გარკვეულ პრინციპებსა და ლოგიკას დავაფუძნეთ და ბუნებრივია, მაქსიმალურად ინტენსიურ რეჟიმში წარვმართეთ. განახლება ნიშნავდა იმას, რომ ეს არ ყოფილა ერთჯერადი აქტივობა. შესაბამისად, პირველ რიგში გადამოწმდნენ ის ოჯახები, რომელთა შემოწმებაც ყველაზე პრიორიტეტულად და გადაუდებლად მივიჩნიეთ. როგორც თავიდანვე ითქვა 65 ათასი ოჯახი უკვე გადამოწმდა და ეს ეტაპი დასრულებულია. თუმცა პროცესი სხვადასხვა კრიტერიუმზე დაყრდნობით გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება. ეს არის მუდმივად ცოცხალი პროცესი. თითოეული ოჯახის ფინანსური მდგომარეობა იცვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომაც მაქსიმალური ყურადღებით უნდა აკონტროლოს, ვის ესაჭიროება მხარდაჭერა და ვის აღარ.

რაც შეეხება უშუალოდ ციფრებს, გადამოწმებული ოჯახების რაოდენობა ცდება 65 000-ს და უკვე 80 000-ს აღწევს. მოგეხსენებათ, როდესაც ამ თემაზე მუშაობა დავიწყეთ, ბაზაში შემწეობის მიღების უფლებამოსილების მქონე 184 000 ოჯახი იყო რეგისტრირებული. მიმდინარეობს ქულების გადანაწილება-გადათვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ აქამდე ვინმეს მაღალი ქულა ჰქონდა, შემოწმების შედეგად შესაძლოა დაბალი დაუფიქსირდეს, ან პირიქით.

რაც შეეხება დაზოგილ თანხებს, ვინაიდან ბაზა დინამიკურია და მუდმივად იცვლება სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით მას ემატებიან ახალი ოჯახები ან ტოვებენ. ზუსტი ციფრების დასახელება ამ ეტაპზე შეუძლებელია. თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ბაზის სრულყოფილად გასწორების შემდეგ საუბარია რამდენიმე ათეული მილიონი ლარის დაზოგვაზე", - განაცხადა სარჯველაძემ.

აგვისტოს მდგომარეობით საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 570 ათასამდე შემცირდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ივლისთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რიცხვი 6546-ით შემცირდა. ჯამში იანვართან შედარებით საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა თითქმის 140 ათასით არის შემცირებული.

საარსებო შემწეობის მიმღებთა საერთო რაოდენობიდან 153 258 სახელმწიფო დასაქმების პროგრამაშია ჩართული, რომელიც 2026 წლიდან აღარ გაგრძელდა, თუმცა ვისაც 4-წლიანი პერიოდი დასასრულებელი აქვთ, ისინი კვლავ სისტემაში რჩებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები