მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სოცდაუცველთა შემწეობას იღებენ ოჯახები, რომელთაც 2025 წელს შეძენილი აქვთ 2025 წელს გამოშვებული ავტომანქანა - სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სოცდაუცველთა ბაზებში იყო ანომალიური შემთხვევები. მან ამის მაგალითად მოიყვანა, ოჯახები, რომლებიც სოციალურ შემწეობას იღებენ და ამავე დროს 2025 წელს შეძენილი ჰყავთ ამავე წელს გამოშვებული ავტომობილები, ან ბოლო სამ თვეში რამდენიმე ათეული ათასი ლარის შემოსავალი აქვთ. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, უწყება სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს. მინისტრმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ პროცესის შედეგად ბაზები უფრო რეალური გახდება.

"კოვიდპანდემიის შემდეგ მოქმედებდა ე.წ. მორატორიუმი და გარდა უიშვიათესი გამონაკლისებისა, პრაქტიკულად არ ხორციელდებოდა ოჯახების გადამოწმება. ამის გამო ბაზაში დღემდე ფიქსირდებიან ადამიანები და ოჯახები, რომელსაც, საბედნიეროდ, აღარ აქვთ სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების აუცილებლობა.

არის სრულიად ანომალიური შემთხვევებიც, რომელთა რიცხვი არ არის ცოტა. მაგალითად, ბაზაში დღეს რეგისტრირებულია და შემწეობას იღებს ოჯახი, რომელსაც ბოლოს სამ თვეში მიღებული აქვს შემოსავალი ჯამში რამდენიმე ათეული ათასი ლარი, ან ოჯახი, რომელსაც ერთი წლის მანძილზე შეძენილი აქვს რამდენიმე ათეულ ათას ლარად ღირებული რამდენიმე ავტომანქანა, რომელსაც 2025 წელს შეძენილი აქვს 2025 წელს გამოშვებული ავტომანქანა, რომელსაც მაგალითად აღებული აქვს საბანკო სესხი რამდენიმე ასეული ათასი ლარის ოდენობით და ა.შ.

როგორც აღინიშნა, ასეთი ოჯახების რაოდენობა არ არის ცოტა, თუმცა ძირითად შემთხვევაში სახეზეა ოჯახები, რომელთაც, ამ დროის განმავლობაში, გაუჩნდათ გარკვეული მატერიალური შესაძლებლობები, გაუუმჯობესდათ მდგომარეობა და მათი ეს მდგომარეობა აღარ არის ისეთი ხელმოკლეობა, როდესაც მათ სახელმწიფომ უნდა დაუნიშნოს ფინანსური შემწეობა.

ამრიგად ფაქტია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა შესაბამისობაში ვერ მოდიოდა იმ აღიარებულ ეკონომიკურ წარმატებასთან, რომელიც ქვეყანას ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში. სწორედ ამ მიზეზთა გამო იქმნებოდა ნიადაგი აღნიშნული რიცხვებით მანიპულირებისა და ყალბი შთაბეჭდილებების შესაქმნელად.

დროა წერტილი დაესვას ასეთ პოლიტიკურ სპეკულაციებს და ამ მიზნით, სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტო იწყებს ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიურ პროცესს.

ჩვენი მიზანია, რომ ბაზაში რჩებოდნენ მხოლოდ ის ოჯახები და ადამიანები, რომლებსაც დღეისთვის, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა, რაც, თავის მხრივ გულისხმობს სოციალური შემწეობის გაცემას, ასევე იმ მრავალი შეღავათით სარგებლობას, რასაც ითვალისწინებს კანონმდებლობა. ბაზაში არ უნდა რჩებოდნენ ოჯახები და პირები, რომლებიც, ამ მდგომარეობით ვერ შეძლებდნენ აღნიშნული სტატუსის მოპოვებას ვერც ახლა და ვერც წარსულში.

ამგვარად, იქნება შესაძლებელი, რომ ბაზა გახდეს რეალური, რაც თავის მხრივ, აუცილებელია მეტი სოციალური სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, იმისთვის, რომ სოციალური დაცვისთვის გათვალისწინებული სახელმწიფოს რესურსები რეალურად ხმარდებოდეს და სრულად და უფრო ეფექტიანად ხმარდებოდეს მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება და ვისაც ეს ნამდვილად ეკუთვნის.

გადამოწმების წარმართვისთვის მომზადებულია ყველა საჭირო წინაპირობა და მომდევნო თვეების განმავლობაში გადამოწმდებიან ოჯახები სამინისტროს მიერ განსაზღვრული პროგრამის მიხედვით, რა დროსაც პრიორიტეტულად შემოწმდებიან ოჯახები, რომელთა შემთხვევაშიც, სხვადასხვა ფაქტორების გამო, მაღალია ალბათობა, რომ ისინი არ აკმაყოფილებენ იმ პირობებს, რომლის გამოც და რომლის შემთხვევაშიც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ ეკუთვნით შემწეობა. მაგალითად, ერთ-ერთ ასეთ საფუძვლად განისაზღვრება უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში 2 000 ლარიანი შემოსავლის მიღება ყოველთვიურად.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პროცესი იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას. ამდენად, მინდა ყველას, ვისაც შეხება ექნება ამ პროცესთან, შესამოწმებელი ოჯახის წევრებიდან დაწყებული თვით შემმოწმებლებით დამთავრებული, თავი შეიკავონ ყოველგვარი სიყალბისგან, რადგან პროცესი წარიმართება მკაცრი კონტროლით", - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები