მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები ცხინვალთან მდებარე სოფლებში - კვლევა

მავთულხლართი

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" დროებით ოკუპირებული ცხინვალსა და დანარჩენ საქართველოს შორის გამყოფი ხაზების მახლობლად მდებარე სოფლებში არსებულ ვითარებაზე კვლევას აქვეყნებს. HRS-ი აღნიშნავს, რომ კვლევა 2024 წლის აპრილ-ოქტომბერს მოიცავს.

ერთ-ერთი ადგილი, სადაც კვლევის ავტორები იმყოფებოდნენ, დუშეთის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებია. ანგარიშში წერია, რომ გრემისხევში, პეტრიანში, მიქელიანში, ქარქუშაანსა და ციხისუბანში მოსახლეობა ოკუპაციით გამოწვეულ პრობლემებთან ერთად, მწვავე სოციალურ-ეკონომიკური სირთულეების წინაშე დგას.

"კრიტიკულად მნიშვნელოვან პრობლემად კვლავ დასახელდა კომუნალური მომსახურებების არარსებობა ან/და არასრულფასოვანი სერვისის მიწოდება. კერძოდ, მითითებულ სოფლებში არ არის შეყვანილი ბუნებრივი აირი. რაც შეეხება ელექტროენერგიას, მოუწესრიგებელი ქსელის გამო, ამინდის გაუარესებისას, ხშირად ითიშება ელექტროენერგიის მიწოდება. სარწყავ წყალთან დაკავშირებული პრობლემაც მწვავედ აისახება ადგილობრივების ეკონომიკურ მდგომარეობაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ოკუპაციამ შეზღუდა მათი წვდომა გარშემო არსებულ ტყესა და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე, მცირემიწიანობას ემატება სარწყავი წყლის არარსებობა, რის გამოც ყოფილა შემთხვევები, როდესაც ადგილობრივებს მთელი წლის მოსავალი ვერ აუღიათ", - აღნიშნულია ანგარიშში.

როგორც კვლევის ავტორები წერენ, მიქელიანის მცხოვრებლებს არც ბუნებრივი აირი მიეწოდებათ და
არც წყალი. ციხისუბანში კი ადგილობრივებმა ტრანსპორტის პრობლემა დაასახელეს და განაცხადეს,
რომ კვირაში 3 დღე ტრანსპორტი არ არის საკმარისი.

"2024 წლის 17 ივლისს ორგანიზაციამ წერილობითი განცხადებით მიმართა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას. ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოითხოვა ინფორმაცია, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ დაგეგმა თუ არა შესაბამისი პროექტები და პროგრამები გრემისხევში, პეტრიანში, მიქელიანში, ქარქუშაანსა და ციხისუბანში ბუნებრივი აირის მიწოდების, სასმელი წყლის სისტემის სრულად გამართვის, სარწყავი სისტემის მოწყობის, ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემების
აღმოფხვრისა და ტრანსპორტის პრობლემების გადასაჭრელად. 2024 წლის 13 აგვისტოს წერილით ორგანიზაციას ეცნობა, რომ 2024 წლის დაგეგმილ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაფინანსებულია შემდეგი პროექტები: მიქელიანში სკვერის მოწყობა, ქარქუშაანში - ჭაბურღილის მოწყობა, პეტრიანში - წყლის სისტემის რეაბილიტაცია, ციხისუბანში გზის რეაბილიტაცია", - წერია ანგარიშში.

რაც შეეხება ქარელს. აქ კვლევის ავტორები ივლისში იმყოფებოდნენ და ამბობენ, რომ ადგილობრივების მთავარი პრობლემა მაღალმთიანი დასახლების სტატუსის უქონლობაა. გამოწვევაა მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაციის პროცესში არსებული ხარვეზები.

"როგორც დირბის ადგილობრივებმა განმარტეს, სოფელში სრულად არ აუზომავთ მიწის ნაკვეთები და არ
იციან, როდის გაგრძელდება ან გაგრძელდება თუ არა რეგისტრაციის პროცესი. სოფელ ტახტისძირში, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლების ნაწილმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ბორდერიზაციის შედეგად დაკარგეს წვდომა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე, დღემდე არ მომხდარა სხვა სანაცვლო მიწის ან კომპენსაციის გაცემა. ადგილობრივებმა ძირითად წუხილად დააფიქსირეს მაღალმთიანი სტატუსის უქონლობა, მაშინ როდესაც მეზობლად მდებარე სოფელ
დვანს მინიჭებული ჰქონდა ასეთი სტატუსი. მათთვის გაურკვეველი იყო თუ რატომ არ მიენიჭა მათ სოფელსაც სტატუსი. ტახტისძირის მკვიდრებმაც აღნიშნეს, რომ მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი სოფელში შეჩერებულია და არ იციან, როდის გაგრძელდება ან გაგრძელდება თუ არა ეს პროცესი. ადგილობრივებმა მიუთითეს ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ პრობლემაზე. მათი განმარტებით არ არის საკმარისი ის გრაფიკი, რომლითაც მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და საჭიროა დამატებითი რეისების დანიშვნა, განსაკუთრებით, საღამო საათებში", - აღნიშნულია კვლევაში.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" წერს, რომ 2024 წლის 22 ივლისს წერილობით მიმართეს ქარელის
მუნიციპალიტეტის მერიას, იუსტიციის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მთის განვითარების ეროვნულ საბჭოს. ორგანიზაციამ ინფორმაცია გამოითხოვა, რას გეგმავდნენ უწყებები სოფლებში არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით.


"2024 წლის 29 ივლისს ორგანიზაციამ მიიღო ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის წერილი. მერიის წერილის თანახმად, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისმა სამსახურმა დვანსა და ტახტისძირში ადგილზე შეისწავლა მიმდინარე წლის ივნისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული ყველა საცხოვრებელი ფართი და სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების გახორცილების მიზნით საქართველოს მთავრობის 2024 წლის 8 ივლისის No 956 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი თანხით, მოხდება აღნიშნული ოჯახების დახმარება. ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით, ორგანიზაციას ეცნობა, რომ დვანის და ტახტისძირის მოსახლეობის მხრიდან მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებით დამატებითი რეისების დანიშვნის შესახებ საკითხი მუნიციპალიტეტის მერიაში არ დამდგარა. თუ აღნიშნული საკითხი დადგება სოფლების დვანის და ტახტისძირის მოსახლეობის მხრიდან, მუნიციპალიტეტი აუცილებლად განიხილავს მას და გაუწევს
შუამდგომლობას მგზავრთა გადაყვანაზე პასუხისმგებელ ადგილობრივ კომპანიასთან, ამ საკითხის მოსაგვარებლად. ასევე სოფელ დვანის მოსახლეობის მხრიდან არ დასმულა საკითხი სასმელი წყლის პრობლემასთან დაკავშირებით და თუ ეს საკითხი დადგება სოფლის მოსახლეობის მხრიდან, ქარელის მუნიციპალიტეტის მერია მზადაა შეისწავლოს და მოაგვაროს, შესაძლებლობის ფარგლებში. რაც შეეხება სისტემური რეგისტრაციის საკითხს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ახორციელებენ მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესს ქარელის მუნიციპალიტეტში, მათ შორის, სოფლებში - დირბი, დვანი და ტახტისძირის ტერიტორიებზე. ეს პროცესი მიმდინარეობს ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიური ჩართულობით და ნებისმიერ მოქალაქეს ვისაც ჯერ კიდევ დაურეგისტრირებელი აქვს ტერიტორია და გამოთქვამს მიწის აზომვის სურვილს, ინდივიდუალურად უნდა მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.", - აღნიშნულია ანგარიშში.

გამოწვევებია კასპისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების სოფლებშიც.

"2024 წლის 14 ივლისს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ კასპის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ თვაურებში და დუშეთის მუნიციპალიტეტში არსებულ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში. ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თვაურებში 2021 წლის 27 აპრილსაც იმყოფებოდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ წინა ვიზიტისაგან განსხვავებით, სოფელ თვაურებში განთავსებული ბლოკსაგუშაგოდან სოფლის გასასვლელამდე (საოკუპაციო ხაზის მიმართულებით) გზაზე გარე განათება დამონტაჟებულია, მაგრამ გზა კვლავ მოუწესრიგებელია. ნაწილობრივ მოგვარებულია ე.წ. რიტუალების დარბაზთან და ამბულატორიასთან გამავალი სარწყავი არხის საკითხი.


ადგილობრივების განმარტებით, სოფელში სრულად არ არის გამართული წყლის მიწოდების სისტემა, წყლის მილები არ არის მიყვანილი ყველა ოჯახამდე. შესაბამისად, ოჯახების ნაწილს უწევს წყლის ზიდვა სოფელში არსებული ონკანებიდან ან მეზობლების ჭებიდან, ნაწილი კი სარგებლობს საკუთარი ჭებით. ადგილობრივებმა შევხედრისას აღნიშნეს, რომ ე.წ. რიტუალების დარბაზის მშენებლობა იყო შეჩერებული, მაგრამ არ ჰქონდათ ინფორმაცია, თუ რა გეგმები აქვს კასპის მუნიციპალიტეტის მერიას
ამ შენობასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ სოფელში განთავსებულია ამბულატორია, მას არ ექცევა სათანადო ყურადღება. ამბულატორიის ნაგებობას სამხრეთით ჩამოუდის სარწყავი არხი და შეიძლება ითქვას, რომ საძირკველი არის მუდმივად ნესტიანი", - აღნიშნულია ანგარიშში.

რაც შეეხება ოძისს. სოფელში მცხოვრებლები წვავე პრობლემად სასმელს წყალს ასახელებენ. კვლევის ავტორების თქმით, სასმელ წყალთან ერთად, სარწყავი წყლის პრობლემაც დასახელდა.

"სოფლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად დასახელდა შიდა გზების ინფრასტრუქტურული
გაუმართაობა. მიუხედავად იმისა, რომ სოფლამდე მისასვლელი ცენტრალური გზა მოასფალტებულია, სოფელში შიდა გზები ამორტიზებულია და საჭიროებს კეთილმოწყობას. რაც შეეხება მიწის ნაკვეთების სისტემურ რეგისტრაციას, ადგილობრივებმა განმარტეს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს სრულად არ აუზომავთ მიწის ნაკვეთები (ძირითადად - სოფელთან მდებარე სათიბი ფართობები) და არ იციან როდის გაგრძელდება ან გაგრძელდება თუ არა სარეგისტრაციო პროცესი ამ
კუთხით", - წერია ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები