სოციალური საწარმო „ბაბალე“ მარტის თვეში სამკერვალოს გახსნას გეგმავს. ამის შესახებ, „ქალების ნარატივში“ „ბაბალეს“ დამფუძნებელმა, ლია ტაბატაძემ ისაუბრა.
„შარშან კერამიკის წარმოება დავიწყეთ, 2024 წლის მარტში კი, ჩვენ სამკერვალოს გახსნას ვაპირებთ. სამკერვალო ხაზის აწყობა უკვე დასრულების ეტაპზეა და ყველა საჭირო დანადგარითაც აღჭურვილია“, - აღნიშნა ლია ტაბატაძემ.
„სტრატეგიული განვითარებისა და კვლევის ცენტრის“ მხარდაჭერით ხორციელდება „ბაბალეს“ სამკერვალოს გახსნა. ინვესტიციამ, კერამიკის ხაზის განვითარების მოცვით ჯამში 60 000 ევრო შეადგინა.
„სახელმწიფო საგრანტო მიმართულებებით არასდროს არ გვქონია მხარდაჭერა. მეტიც, სოციალურ მეწარმეობას ჩვენი სახელმწიფო როგორც ცალკე მიმართულებას, არ აღიარებს. კანონი სოციალური მეწარმეობის შესახებ, რომელმაც უნდა დაარეგულიროს ეს სფერო, ისევ თაროზეა შემოდებული. გვიწევს იმ დიდ კონკურსში ყოფნა, რომელშიც დიდი ბიზნესები არიან ჩართული. ჩვენ კი, ისევ დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის იმედად ვართ“, - განაცხადა „ბაბალეს“ დამფუძნებელმა.
თავდაპირველად სოციალური საწარმო „ბაბალე“ დაახლოებით 100 ერთეულ ხელნაკეთ პროდუქტს ქმნიდა. წელს კი, საახალწლოდ 100 ათასი ერთეული ხელნაკეთი ნივთი დაამზადეს.
სოციალური საწარმო “ბაბალე” 2014 წელს შეიქმნა "საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის" მიერ. შემოქმედებითმა სივრცემ გააერთიანა სამხატვრო სახელოსნო - სასწავლო და სამუშაო პროცესისთვის და მაღაზია-სალონი, სადაც მომხმარებელს “ბაბალეში” შექმნილი პროდუქციის შეძენა შეუძლია. კორპორატიულ მომხმარებლებს სოციალური საწარმო მათ მოთხოვნაზე მორგებულ პროდუქციას სთავაზობს.