ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი საერთაშორისო სავაჭრო პალატის განცხადებას საქართველოში მოქმედ უცხოურ ბიზნესებთან დაკავშირებით პოლიტიკურს უწოდებს.
"ფადი ასლის ყველა განცხადება, რაც კი გაუკეთებია, არის პოლიტიკური. მე არ ვიცი, ეს დაკავშირებულია მის პირად, თუ პოლიტიკურ ინტერესებთან, მაგრამ მისგან ჯერ რაიმე კონკრეტული, ფაქტებზე დაფუძნებული კრიტიკა ხლისუფლებისა, თუ ქვეყნის, არ მომისმენია. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ როცა ინვესტიციებზე ვლაპარაკობთ, ერთი, 2007 წელი იყო საქართველოს ისტირიაში, როცა მართლა უფრო მეტი ინვესტიცია იყო, ვიდრე ბოლო წლების განმავლობაში. დანარჩენი ბოლო წლების განმავლობაში რა ინვესტიციებიც შემოდის ქვეყანაში, ეს ყველზე მაღალია, რაც კი ოდესმე ყოფილა ქვეყნის ისტორიაში", - განუცხადა სუბარმა ჟურნალისტებს.
მინისტრის ასევე გამოეხმაურა ფადი ასლის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ის ე.წ "უკონტროლო სუბიექტების" მიერ ბიზნესის მიმართ განხორციელებულ თავდასხმებზე საუბრობს.
"მე მგონია, რომ არაკონტროლირებადი სუბიექტი თავად ამ განცხადების ავტორია. თუ ვინმე სხვა სუბიექტებიც ეგულება, დაასახელოს და პასუხს გავცემთ“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე საკონსულტაციო საბჭოს წევრებს აცნობებს უცხოურ კომპანიებზე თავდასხმებისა და იმ მხარეების შესახებ, ვინც აღნიშნული თავდასხმების უკან დგას.
"გვსურს თქვენი ყურადღება გავამხვილოთ შემაშფოთებლად გაუარესებულ საინვესტიციო კლიმატზე. ერთ წელზე მეტია, რაც უცხოური ბიზნესის უდიდესი ნაწილი დაზარალდა ან ჯერ კიდევ წნეხის ქვეშ არის, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს კომპანიებს ოპერირებას ბაზარზე და შესაბამისად, სერიოზულ ზიანს აყენებს მათ საქმიანობასა და საკუთრებას. ზემოაღნიშნული პრობლემების უმეტესი ნაწილი დაკავშირებულია სასამართლოებთან, სამართალდამცავ ინსტიტუტებთან და ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოებთან.
საიულუსტრაციოდ გაგაცნობთ დაზარალებული კომპანიების მხოლოდ მცირე ჩამონათვალს, მათ შორის რამდენიმე საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრია: ტერა ბანკი, ფილიპ მორისი, ბრითიშ ამერიქან თობაქო, ყაზტრანსგაზი, გარდაბანი ჰოლდინგი, სილქ როუდ ჰოლდინგი, სითი პარკი, ბათუმის პორტი, ოპტიკალ სისტემს კორპორაცია, ჯი ფარადაისი, სამი ჰაბიბის საინვესტიციო ჯგუფი, შპს ჯორჯიან მანაგენიზი, კავკასიის ფონდი, ანკა ფუდ შვეიცარია, ბაზელ ჯგუფი...
ზემოხსენებული კომპანიები არიან სხვადასხვა უცხოელი ინვესტორების საკუთრებაში და შესაბამისად, მათ მიმართ ჩადენილი უკანონო ქმედებები ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და იმიჯზე საერთაშორისო მასშტაბით.
მოხარულნი ვართ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოასწორა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული არასამართლიანი გადაწყვეტილება ფილიპ მორისისა და ბრითიშ ამერიქან თობაქოს საქმეზე; თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საქმის წარმოების პროცესი მართული იყო წითელი დირექტორებისა და “უკონტროლო სუბიექტების" მიერ, რამაც უარყოფითი გავლენა იქონია სახელმწიფოს რეპუტაციაზე საზღვარგარეთ", - განაცხადა ფადი ასლიმ საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაზე.

























