მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სოზარ სუბარი: ყველა სახელმწიფო მანქანა არის დაჩიპული

5cf686254e54e
სალომე მეცხვარიშვილი
04.06.19 21:00
1761
ყველა მანქანა არის დაჩიპული, არამხოლოდ სახელმწიფო რწმუნებულის მანქანები, არამედ სახელმწიფო ადმინისტრაციაში არსებული ყველა მანქანა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი აცხადებს და ეხმაურება IDFI-ის კვლევას, რომელიც გუბერნატორების მიერ 2 წლის განმავლობაში გაწეულ საწვავის ხარჯებს ეხება.

კვლევის მიხედვით, თითოეული გუბერნატორის მიერ 2017-2018 წლებში გავლილი მანძილი მინიმუმ დედამიწის გარშემო ორჯერ შემოვლის ტოლია. სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორზე განპიროვნებული ავტომობილებით განვლილი მანძილის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ დაახლოებით, სამჯერ შემოუარეს დედამიწას.

ორგანიზაცია ითხოვს, სახელმწიფო ავტოპარკში საწვავის მოხმარების აღრიცხვის სისტემა დაინერგოს.

სოზარ სუბარი აცხადებს, რომ თითო ლიტრი საწვავის ხარჯვა დღესაც ხდება ძალიან მკაცრად.

“მადლობა IDFI-ის ამ რეკომენდაციისთვის, მაგრამ ეს რეკომენდაცია შესრულებულია დიდი ხნის წინ. ვინმემ ჩაასხა თუ არა ერთი ლიტრი ზედმეტი ბენზინი? ეს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია”,- აცხადებს სოზარ სუბარი.

მისივე თქმით, ყველა გუბერნატორს აქვს მკაცრი და მკაფიო დავალება, რომ ჰქონდეთ ყოველდღიური კონტაქტი მოსახლეობასთან და ადგილზე შეისწავლონ პრობლემები.

“თითოეულ მხარეში არის ისეთი ადგილები, სადაც მისვლა მთელი დღის დაკარგვას ნიშნავს. წარმოვიდგინოთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ჩავა უშგულში, ან სამცხის გუბერნატორი წავა ადიგენის მთებში...დღე არ გავა, რომ ისინი არ იყვნენ ხალხთან აქტიურ კომუნიკაციაში. პლუს, სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის გუბერნატორებს დავალება აქვთ, რომ ყოველდღიური კონტაქტი ჰქონდეთ მოსახლეობასთან ფაროსანასთან დაკავშირებით. შიდა ქართლის გუბერნატორს ყოველდღიურად უხდება ჩასვლა კონფლიქტის ზონასთან დაკავშირებით და ა.შ.

შედეგი ის არის, რომ 2 წელს რომ დააჯამებ და 7 გუბერნატორის ნასიარულებს დააჯამებ, შეიძლება დიდი რიცხვი გამოვიდეს, მაგრამ რომ გავყოთ ეს ყველაფერი 2 წელზე, 7 გუბერნატორზე, დღეში გამოდის 25 ლიტრი საწვავი ან 150 კმ.

სამეგრელოს თუ გურიის გუბერნატორებს კი, მთავრობის სხდომაზე ჩამოსვლისთვის ყოველკვირეულად უწევთ 700-800 კმ წინ და უკან სიარული. მათი დასწრება მთავრობის სხდომაზე კი მნიშვნელოვანია, რადგანაც მოაქვთ ის პრობლემური საკითხები, რომლებიც არის მნიშვნელოვანი მათს რეგიონებში”, - აცხადებს სოზარ სუბარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები