"დაემშვიდობე ბანკს" - პირველად რეგიონში, სრულიად ციფრული საბანკო მომსახურება შეიქმნა. „სფეისი“ ე.წ. ნეობანკია, ანუ ბანკი ფილიალისა და სხვა ფიზიკური სივრცეების გარეშე, რომელიც აპლიკაციის სახით, მხოლოდ მობილურში არსებობს. უფრო დეტალურად, თუ რას გულისხმობს ახალი ციფრულ საბანკო მომსახურება, რატომ არის ის ხელსაყრელი მომხმარებლისათვის და როგორ უნდა ისარგებლოთ Space-ის აპლიკაციით, ამის შესახებ bm.ge Space-ის პროექტის მენეჯერს, ლაშა გურგენიძეს ესაუბრა.
ბატონო ლაშა, უფრო დაწვრილებით რომ გვიამბოთ, რას გულისხმობს ციფრული საბანკო მომსახურება space ?
წარმოიდგინეთ ბანკი ფილიალების, ქაღალდების, რთული და დამაბნეველი პროდუქტების და ბიუროკრატიის გარეშე. წარმოიდგინეთ ფინანანსური სერვისები, რომლის გამოყენებაც ისეთივე მარტივია, როგორც სოციალურ ქსელში ფოტოს გაზიარება ან საყვარელ ონლაინ მაღაზიაში საყიდლებზე წასვლა. სფეისი ბანკია, რომელიც მდებარეობს თქვენს მობილურ ტელეფონში იმისთვის, რომ თქვენ არასდროს მოგიწიოთ ფილიალში მისვლა და დროის ხარჯვა.
ჩვენ გვჯერა, რომ უნდა არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდლება.
სფეისში მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ყველა ის ფინანსური სერვისი, რომელიც თანამედროვე ადამიანს ყოველდღიურად სჭირდება - გადარიცხოს თანხა ახლობლებთან, გადაიხადოს გადასახადები, აიღოს სესხი ან ისარგებლოს ბარათით და ეს ყველა სერვისი განახორციელოს უფრო მარტივად, სწრაფად და გამჭვირვალედ, ვიდრე ამას ტრადიციული ბანკები აკეთებენ;
რა უნდა გააკეთოს მომხმარებელმა იმისთვის, რომ შეძლოს აპლიკაციით სარგებლობა? რა ნაბიჯებია გასავლელი?
Space-ს არ აქვს ფილიალები, შესაბამისად, მომხმარებლების რეგისტრაციაც, ანგარიშის გახსნა, ან ნებისმიერი სხვა სერვისის მიღება შესაძლებელია მობილური ტელეფონის საშუალებით. ამისთვის საჭიროა გადმოწეროთ Space-ის აპლიკაცია App Store ან Google Play-დან, ID ბარათის და ე.წ. „სელფის“ საშუალებით გაიაროთ ვერიფიკაცია და გახდეთ სფეისის მომხმარებელი. თქვენ მიიღებთ სრულფასოვან საბანკო ანგარიშს და ვიზა კლასიკის ტიპის უფასო ბარათს, რომელსაც ფოსტით მოგაწვდით თქვენ მიერ მითითებულ ნებისმიერ მისამართზე.
მნიშვნელობა არ აქვს რომელი ბანკის მომხმარებელი ხართ, ან სად გერიცხებათ ხელფასი. სფეისში თქვენ შეგიძლიათ გააერთიანოთ ყველა თქვენი საბანკო ბარათი ერთ აპლიკაციაში და გამოიყენოთ ისინი სასურველი ოპერაციის განსახორციელებლად. მაგალითად, გადარიცხოთ თანხა ბარათიდან ბარათზე ან გაუგზავნოთ თანხა თქვენს ახლობელს სმს-ით, ფეისბუქით ან სხვა მესენჯერის საშუალებით.
თუ სესხის აღებას გეგმავთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ მარტივი და მომენტალური სესხით ისე, რომ სისწრაფეში ზედმეტი თანხა არ გადაიხადოთ მაშინაც, როცა ჩვენთან არ გაქვთ საკრედიტო ისტორია ან წინასწარ დამტკიცებული სესხი.
რა არის ახალი აპლიკაციის მიზანი? როდის და რატომ გაჩნდა ახალი ციფრული ბანკის შექმნის იდეა?
სფეისის შექმნის იდეა დაახლოებით ერთი წლის წინ გაგვიჩნდა. ჩვენ ვგრძნობდით, რომ ყოველდღიური ბანკინგი შეიძლება ყოფილიყო უკეთესი. რაღაც ეტაპზე მივხვდით, რომ თუ ტრადიციული ბანკური მიდგომების ჩარჩოებიდან და ძველი ტექნოლოგიების შეზღუდვებიდან გამოვიდოდით, ჩვენ შეგვეძლო ძალიან მოკლე ვადებში შეგვექმნა საქართველოში ახალი ტიპის ნეო ბანკი, რომელიც უკეთ უპასუხებდა თანამედროვე ადამიანების მოთხოვნებს და მიზნებს.
ამ იდეით და „სფეისის“ პირველი პროტოტიპებით, გუნდის რამდენიმე წევრი მივედით „თიბისი ბანკის“ მენეჯმენტთან. ძალიან საინტერესო ანალიზის პროცესის შემდეგ, მათ დაიჯერეს ჩვენი და სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადეს. რაც მთავარია, მოგვცეს დამოუკიდებლობა, რომ შეგვექმნა ისეთი ფინანსური პროდუქტი, რომელიც ჩვენ, როგორც მომხმარებლებს გვჭირდებოდა და მოგვეწონებოდა.
ამის შემდეგ იყო სტარტაპის შექმნის ძალიან საინტერესო პროცესი. ჩვენი პირველი ოფისი იყო პატარა ოთახი ტექნოპარკში. ვფიქრობ, ეს პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ჩვენი, როგორც ახალი ტიპის ბანკის ჩამოყალიბებაში. ძალიან მალე ჩვენ გარშემო შეგროვდა ახალგაზრდა პროფესიონალების, ძალიან კრეატიული და არაორდინარული გუნდი, რომელიც მზად არის გადაჭრას ნებისმიერი პრობლემა ტექნოლოგიების, დიზაინის და კრეატიული აზროვნების გამოყენებით.
უკვე გაშვებულია თუ არა აპლიკაცია სამუშაო ვერსია?
დიახ, სფეისი უკვე გაშვებულია სატესტო რეჟიმში. ახლა გავდივართ ეტაპს, როდესაც ვიღებთ მომხმარებლის შეფასებებს და უკუკავშირს, რაც ძალიან გვეხმარება დეტალების დახვეწასა და ხარვეზების დროულად გამოსწორებაში. გაშვების დღიდან უკვე მივიღეთ ათასობით უკუკავშირი და ახალი იდეები, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს მომხმარებლებს.
ხომ არ ფიქრობთ, რომ სფეისი სხვა ბანკების კონკურენტი გახდება, მათ შორის თიბისი ბანკისაც?
კი, დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. სფეისის მიზანია, ალტერნატიული ფინანსური მომსახურება შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენცია გაუწიოს ტრადიციულ ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. ვფიქრობ, ამით მომხმარებელი მხოლოდ „მოიგებს’ და ზოგადად ფინანსური სერვისები გაუმჯობესდება.
თქვენს სამომავლო გეგმებზეც რომ გვიამბოთ, რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში როგორც space-სთან, ასევე სხვა პროდუქტებთან დაკავშირებით?
სფეისი სულ რამდენიმე დღეა არსებობს, თუმცა ჩვენ უკვე ძალიან ბევრი ახალი იდეა გვაქვს. ამ ეტაპზე, აქცენტს ყოველდღიური საბანკო მომსახურების გამარტივებაზე ვაკეთებთ, თუმცა სულ ცოტა ხანში, ვფიქრობ, არ დარჩება ისეთი ფინანსური მომსახურება, რომელშიც ჩვენ არ შევიტანთ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ცვლილებებს.





















