Spacefarms-მა მოდულარული ფერმები შექმნა, ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ Spacefarms-ის დამფუძნებელმა, ტუსა ღარიბაშვილმა ისაუბრა.
„მოდულარული ფერმა შესაძლებლობას იძლევა გაზარდო შენთვის სასურველი მცენარეები 365 დღის მანძილზე იქ, სადაც შენ გინდა. იქნება ეს რესტორანი, მარკეტი, ჯიმი, სახლი და ა.შ,“ - აღნიშნა ტუსა ღარიბაშვილმა.
Spacefarms-ი თბილისის მასშტაბით უზრუნველყოფს "სფოთის" გაქირავებას, აგრეთვე კომპანიის მხრიდან ხდება ტექნიკური შემოწმებაც, დახმარებაც, ჩითილების მიწოდებაც და მოსავლის ცხრილების დაგეგმვაც.
მოდულარული ფერმა სულ 2 კვადრატული მეტრია და წარმადობა საკმაოდ მაღალი აქვს.
„2 კვადრატულ მეტრ მოდულარულ ფერმაში მოსავლიანობა დაახლოებით 15-20 კილოგრამი ბოსტნეულია, თვის განმავლობაში. ფერმა დაახლოებით თვეში 200 ლიტრ წყალს მოიხმარს და დღეში 5-6 კვტ ელექტროენერგია ესაჭიროება,“- აცხადებს ტუსა ღარიბაშვილი.
მოდულარული ფერმა დისტანციურად, აპლიკაციის მეშვეობით იმართება და სჭირდება მუდმივი წვდომა ინტერნეტთან.
„სფოთში შესაძლოა გაიზარდოს ბაზილიკის ყველა სახეობა, მიკრო მწვანილი, საკვები ყვავილები, სალათის ფურცლები, სურნელოვანი მწვანილი, სამკურნალო მწვანილი და "ბები გრინსი",“ - აღნიშნავს Spacefarms-ის დამფუძნებელი.
მოდულარული ფერმის პროტოტიპზე მუშაობა 2020 წელს დაიწყო Spacefarms-მა და დღეს, თბილისის მასშტაბით, 9 მოდულარული ფერმაა უკვე დამონტაჟებული.