მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

SpaceX-ი ისტორიული IPO-სთვის ემზადება

SpaceX

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ილონ მასკის მიერ დაფუძნებული SpaceX-ი პირველადი საჯარო შეთავაზების პროსპექტს მარეგულირებელ ორგანოში მიმდინარე კვირის ბოლომდე ან მომავალი კვირის დასაწყისში წარადგენს.

საინვესტიციო კონსულტანტების ვარაუდით, კომპანია ამ გზით $75 მილიარდზე მეტი დოლარის მოზიდვას შეეცდება, რაც მას მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ უმსხვილეს IPO-დ აქცევს. არსებული ინფორმაციით, ინდივიდუალური ინვესტორებისთვის გამოყოფილი წილი, შესაძლოა, 20%-ს აჭარბებდეს, თუმცა საბოლოო სტრუქტურა ჯერ კიდევ დაზუსტების პროცესშია.

აღსანიშნავია, რომ SpaceX-ის პოტენციურმა გასვლამ საფონდო ბირჟაზე კოსმოსური სექტორის მიმართ ინვესტორების ენთუზიაზმი მკვეთრად გაზარდა. ამ მოლოდინების ფონზე, ისეთი კომპანიების აქციები, როგორიცაა Rocket Lab-ი, Planet Labs-ი და AST SpaceMobile-ი 3%-დან 4%-მდე გაიზარდა.

ცნობისთვის, SpaceX-ი აღარ არის მხოლოდ კოსმოსურ სექტორზე მორგებული კომპანია. გასულ თვეში ილონ მასკმა მას $250 მილიარდად შეფასებული ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი, xAI-ის შეუერთა, რამაც კომპანიის ჯამური ღირებულება $1.25 ტრილიონ დოლარამდე გაზარდა.

2002 წელს დაფუძნებული SpaceX-ი ამჟამად აშშ-ის უმსხვილესი კერძო კოსმოსური კომპანიაა, რომელიც წლიურად ყველაზე მეტ რაკეტას უშვებს მსოფლიოში. სიცხადისთვის, Falcon 9-ის მრავალჯერადი გამოყენების რაკეტებმა და Starship-ის პროგრამამ კოსმოსში ტვირთის გაგზავნის ეკონომიკა რადიკალურად შეცვალა. პარალელურად, Starlink-ის თანამგზავრულმა ქსელმა გლობალურ ინტერნეტ-ინფრასტრუქტურაში გარდატეხა მოახდინა და ბაზრის დომინანტ ძალად იქცა.

ამჟამად, კომპანიის გრძელვადიანი ხედვა ორბიტალური ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის კოსმოსური მონაცემთა ცენტრების მშენებლობას მოიცავს, რაც ხელოვნური ინტელექტის მზარდი გამოთვლითი მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოემსახურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები