მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SpaceX-ის კვარტალური შემოსავალი 161%-ით, $14.58 მილიარდამდე გაიზარდა

spacex

ილონ მასკის კოსმოსური კომპანია SpaceX-ის მესამე კვარტალის შემოსავალი წლიურ ჭრილში 161%-ით გაიზარდა და $14.58 მილიარდი შეადგინა. როგორც ირკვევა, დაფიქსირებულმა შედეგმა უოლ-სტრიტის ანალიტიკოსების $12.72-მილიარდიან პროგნოზს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ $1.054 მილიარდის წმინდა ზარალი მიიღო, ამჯერად კომპანია მოგებაზე გავიდა და ამ მაჩვენებელმა $4.404 მილიარდი შეადგინა.

რაც შეეხება ცალკეული მიმართულებების შედეგებს, ზრდის მთავარი მამოძრავებელი ხელოვნური ინტელექტის სექტორი, ეგრეთ წოდებული სუპერინტელექტის სეგმენტი აღმოჩნდა. კერძოდ, ამ მიმართულების შემოსავალი წლიურად 830%-ით, $7.56 მილიარდამდე გაიზარდა და მთლიანი მაჩვენებლის დაახლოებით 52% დაიკავა. აღსანიშნავია, რომ კაპიტალური დანახარჯების 84%, ანუ $16.444 მილიარდი სწორედ ამ სეგმენტის გაფართოებას მოხმარდა. მთლიანობაში, კომპანიის მესამე კვარტალის კაპიტალურმა დანახარჯებმა $19.593 მილიარდს მიაღწია და კვარტალურ შემოსავალსაც კი გადააჭარბა.

პარალელურად, თანამგზავრული ინტერნეტის ბიზნესმა Starlink-მა მყარი ზრდა შეინარჩუნა. კავშირგაბმულობის სეგმენტის შემოსავალი 69%-ით, $5.25 მილიარდამდე გაიზარდა. ამავე მიმართულების საოპერაციო მოგებამ 99%-იანი მატების ფონზე $2.37 მილიარდს მიაღწია, სექტემბრის ბოლოსთვის კი მომხმარებელთა რაოდენობა 89%-ით, 13.6 მილიონამდე გაიზარდა. რაც შეეხება კოსმოსურ სეგმენტს, ამ მხრივ შემოსავალი მხოლოდ 6%-ით, $1.77 მილიარდამდე გაიზარდა, ახალი თაობის რაკეტა Starship-ის კვლევასა და განვითარებაზე გაწეული ხარჯების გათვალისწინებით კი $7 მილიონის საოპერაციო ზარალი დაფიქსირდა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ილონ მასკმა გრძელვადიანი ზრდის ამბიციური პროგნოზიც განსაზღვრა და 2027 წლის ბოლოსთვის წლიური განმეორებადი შემოსავლის $500 მილიარდიდან $1 ტრილიონამდე გაზრდა ივარაუდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები