SpaceX-ის დამფუძნებლის და მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის წინააღმდეგ სამართლებრივი საქმე დაიწყო. ამჯერად, ილონ მასკს SpaceX-ის რვა ყოფილი თანამშრომელი უჩივის, რომლებიც მილიარდერს სექსუალურ შევიწროებაში და შურისძიებაში ადანაშაულებენ.
სამართლებრივ სარჩელში უშუალოდ SpaceX-იც ფიგურირებს, რადგან, როგორც მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, ქალებისა და LGBTQ+ თემის წარმომადგენლების სექსუალურ შევიწროებაში მონაწილეობდა, როგორც უშუალოდ ილონ მასკი, ასევე სხვა თანამშრომლები, რომელთაც არაეთიკური ქმედებებით კომპანიაში რთული და გაუსაძლისი სამუშაო გარემო შექმნეს.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ მოსარჩელე მხარეს ახლა იმ ადამიანებს ვხვდებით, რომელთაც 2022 წელს ღია წერილი გამოაქვეყნეს, რომლითაც საზოგადოებას ილონ მასკის ქმედებებისა და SpaceX-ში არსებული კულტურის შესახებ ამცნეს. მოგვიანებით, SpaceX-მა თანამშრომლები დაითხოვა, მაგრამ, როგორც ისინი ახლა ამტკიცებენ, ეს გადაწყვეტილება უშუალოდ ილონ მასკმა მიიღო, თანაც შურისძიების მოტივით. შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ილონ მასკთან და მის კომპანიებთან დაკავშირებით მედიაში ამ ტიპის ინფორმაცია ვრცელდება.