SpaceX-მა IPO-ზე შეიძლება ნავარაუდევზე 4-ჯერ მეტი, $250 მილიარდი მოიზიდოს - ამის შესახებ გამოცემა Reuters-ი წერს.
არსებული ინფორმაციით, კომპანია თავდაპირველად მიზნად $75 მილიარდის ინვესტიციის მიღებას ელოდა, თუმცა ინვესტორების მხრიდან დაინტერესება ბოლო დღეებში მკვეთრად გაიზარდა.
როგორც მედია წერს, 4-მაგი ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი გრძელვადიანი ფონდების მხრიდან გამოხატული ინტერესი გახდა.
როგორც ირკვევა, საინვესტიციო პროცესის ფარგლებში მასკი პოტენციურ ინვესტორებთან გამართულ ონლაინ შეხვედრებს თავადაც უერთდება და პოტენციურ კლიენტებს კომპანიის შესაძლებლობებსა და პერსპექტიულობაში არწმუნებს.
ამჟამად აქტიურად მიმდინარე მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, Morgan Stanley-ს მიერ ორგანიზებულ ლანჩზე კომპანიის პრეზიდენტმა გვინ შოტუელიმ და მთავარმა ფინანსურმა დირექტორმა, ბრეტ ჯონსენმა 300 ინსტიტუციონალურ ინვესტორს თანხის დაბანდების უპირატესობები გააცნეს. მათ აღნიშნეს, რომ SpaceX-ის მთავარი უპირატესობა კოსმოსური ხომალდების გაშვების სფეროში არსებული დომინანტური პოზიცია და ინტერნეტქსელ Starlink-ის უკონკურენტო ხარისხი და დაფარვის არეალია.
შესაძლო ინვესტორების დაინტერესების მიზნით სტარტაპის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმაზეც, რომ კომპანიას ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით $23 ტრილიონის მოცულობის საბაზრო პოტენციალი აქვს. ხელმძღვანელობის განცხადებით, xAI-ს მალე კოსმოსში გაშვებულ მონაცემთა ცენტრებზე იმუშავეს, რაც ხარჯებს მკვეთრად შეამცირებს, შესაძლებლობებს გაზრდის და Grok-ს მეტად კონკურენტუნარიანს გახდის. შესაბამისად, ინვესტირება ამ მხრივაც გამართლებულია.
შეგახსენებთ, SpaceX-ი საფონდო ბირჟაზე პარასკევს გამოვა და ის ისტორიაში უმსხვილეს IPO-დ გამოცხადდება.




























