ილონ მასკის კოსმოსურმა კომპანიამ, SpaceX-მა კოსმოსური ხომალდის ფორმის ჩირაღდანი შექმნა, რომლის ყიდვა კომპანიის ოფიციალური ვებგვერდიდან უკვე შესაძლებელია - ფუტურისტული ჩირაღდანი $175 ღირს. როგორც პროდუქტის აღწერაში ვკითხულობთ, როგორც პროდუქტის აღწერაში ვკითხულობთ, ჩირაღდნის პირველად დანიშნულებას კერძების მომზადებისას მზარეულის დახმარება და საყოფაცხოვრებო საქმეებში ასანთის ჩანაცვლება წარმოადგენს. ამასთან, ჩირაღდანი საკოლექციო ნივთიცაა, რომელიც SpaceX-ის კოსმოსური ხომალდის, Starship-ის 200-ჯერ შემცირებულ ვერსიას წარმოადგენს.
ფუტურისტული დიზაინის მქონე ჩირაღდანს თან ახლავს განმარტებითი ბარათი, რომელშიც ჩამოთვლილია ის გარემოებები, როცა ჩირაღდნის გამოყენება არ შეიძლება. პირველი აკრძალვა, ცხადია, ბავშვებს ეხებათ, რომელთაც მოწყობილობასთან წვდომა არ უნდა ჰქონდეთ. ამასთან, მნიშვნელოვანია, გამოყენების შემდეგ ჩირაღდანი ბუნებრივად გაცივდეს, რადგან ამისთვის წყლის გამოყენება არ შეიძლება. აღსანიშნავია ისიც, რომ SpaceX-ის ჩირაღდნის გამოყენება არ შეიძლება შედუღებისას, რადგან კომპანიის მტკიცებით, ამ დროს, ისეთი ქიმიური ნაერთები გამოიყოფა, რომლებიც, კალიფორნიის მარეგულირებლის მიერ სიმსივნის გამომწვევადაა მიჩნეული.
ცნობისთვის: კოსმოსური ხომალდის ფორმის ჩირაღდანი პირველი არასტანდარტული ნივთი არ არის, რომელიც SpaceX-მა გამოუშვა - კომპანიის ვებგვერდზე ვხვდებით, როგორც რაკეტების მოდელებს, ასევე ბრენდირებულ ტანსაცმელს. ისე კი, მსგავსი ნივთების გახსენებისას, პირველ რიგში, ილონ მასკის კიდევ ერთი კომპანია შეიძლება გაგახსენდეთ - Tesla, რომელმაც, სხვადასხვა დროს, შექმნა, როგორც საბავშვო კვადროციკლი, ასევე ლიმიტირებული რაოდენობით ხელმისაწვდომი ტეკილა და ლუდი.