მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპეციალისტები სამშენებლო დარგისთვის ახალი უწყების შექმნას ითხოვენ

5b1baa589c19d
დავით ჯალაღონია
09.06.18 15:00
808

სამშენებლო დარგში პოლიტიკის განსაზღვრისთვის ახალი ინსტიტუტის ჩამოყალიბების იდეამ პარლამენტში შექმნილი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს პირველ სხდომაზე გაიჟღერა.

აღნიშნული საბჭო პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელობით და ინიციატივით, არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად შეიქმნა.

საბჭოს ერთ-ერთი წევრი, რომელიც ახალი სტრუქტურული ერთეულის დაფუძნებას მხარს უჭერს, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე დავით აბულაძეა.

აბულაძის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ურბანიზაციის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროსთან გაერთიანდა, სამშენებლო დარგის რეგულირება დეპარტამენტის დონეზე ჩამოვიდა და ეს ერთეული ფუნქციურად დაცლილია.

"დღეს ქვეყნის მასშტაბით პოლიტიკის შემუშავებას ურბანული დაგეგმარებისა და მშენებლობის დეპარტამენტი ვეღარ უძღვება. იქ თორმეტკაციანი ჯგუფია, რომელიც ყოველდღიურობით - წერილებზე პასუხით, წერილების მომზადებით და კონკურსების გამოცხადებით შემოიფარგლება. აქედან გამომდინარე, დარგისთვის ძალიან ბევრი საკითხი ფერხდება. სწორედ ამიტომ ჩვენ დამოუკიდებელი, თავისუფალი და მოქნილი ერთეული გვჭირდება. არ აქვს მნიშვნელობა, მას რა ერქმევა. ახალი რეალობის გათვალისწინებით, ვინაიდან ვიცი, რომ სამინისტროს არ დაამატებენ, ვემხრობი იმას, რომ არსებული დეპარტამენტი ეკონომიკის სამინისტროდან ცალკე, დამოუკიდებელი სააგენტოს სახით გამოვიდეს", - განაცხადა აბულაძემ BM.GE-სთან საუბრისას.

ახალი უწყების შექმნას საბჭოს კიდევ რამდენიმე წევრი უჭერს მხარს, მათ შორის, არქიტექტორ-ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე. რა განვითარება ექნება ამ იდეას, ჯერ-ჯერობით უცნობია, რადგან საბჭომ პირველ სხდომაზე, სამშენებლო დარგში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით მოსაზრებები შეაგროვა.

სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სავარაუდოდ, ორ თვეში სამჯერ შეიკრიბება. ამ ეტაპზე მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი სამშენებლო კოდექსთან დაკავშირებით მოსაზრებების შეგროვება და მათი შემდგომი გათვალისწინებაა.

როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ BM.GE-ს განუცხადა, საბჭოს ფორმატში გამოთქმული შენიშვნები კანონპროექტის სახით ჩამოყალიბდება და უკვე დამტკიცებულ სამშენებლო კოდექსში, მომავალ წელს ცვლილებების სახით აისახება.

შეგახსენებთ, რომ სამშენებლო კოდექსის პროექტი პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო. პლენარულ სესიაზე მესამე მოსმენით კენჭისყრამდე კი დეპუტატები დოკუმენტს საკომიტეტო ფორმატში განიხილავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები