მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპეციალისტებს თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკაზე შენიშვნები აქვთ

5b5743a79df1e
სალომე მეცხვარიშვილი
24.07.18 19:20
1018
სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტებს თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ.

როგორც „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა, ჯერ უნდა მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება და შემდეგ პარკირების სისტემის მოწესრიგება.

"მომეწონა ავტობუსების ჩანაცვლების დაპირება, ის ნამდვილად მისასალმებებლია. კითხვის ნიშნები გაჩნდა პარკირების ნაწილში, რადგან ჯერ უნდა განახლდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მერე მოხდეს პარკირების განსაზღვრა ზონალურად. საკითხავია კიდევ ასე უნდა იყოს თუ არა. საქმე ისაა, რომ პარკირება გაძვირდება და ამისთვის საჭიროა საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ალტერნატივის სახით", - აცხადებს დავით მესხიშვილი.

"საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილიც მიიჩნევს, რომ პარკირების სისტემის მოწესრიგებას საზოგადეობრივი ტრანსპორტის განახლება უნდა უსწრებდეს, რადგან ამან შესაძლოა, უხერხულობა შექმნას.

"პარკირების ზონირება მოიცავს იმას, რომ უნდა იყოს სხვადასხვა ღირებულების პარკირება - ბუნებრივია, ცენტრალურ უბნებში უფრო ძვირი იქნება ფასი, ვიდრე გარეუბნებში. 2019 წლის იანვრიდან იწყება პარკირების ზონირება და 2019 წლის ბოლოსკენ არის დაგეგმილი ავტობუსების სრულად ჩანაცვლება. იმედია, ეს ერთწლიანი ვადა უხერხულობას არ შექმნის, რადგან ზოგადად ჯერ პარკირების სისტემა იცვლება და მერე ახლდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი", - აცხადებს ეკა ლალიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები