მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპეციფიკური დარგების ჩამონათვალის გადახედვა არ იგეგმება - ფერაძე

63ede5a902a60
მარიამ ვარადაშვილი
16.02.23 12:16
687
შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე აცხადებს, რომ სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალის გადახედვა ამ ეტაპზე აღარ იგეგმება. 

როგორც ჟურნალისტებს ფერაძემ უთხრა, ბიზნესის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალიდან ამოიღეს, საკმარისი დრო ჰქონდათ იმისთვის, რომ ახალ რეალობას მორგებოდნენ. 

“ამ საკითხზე დაახლოებით ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მსჯელობა. ერთი მხრივ დამსაქმებლის ინტერესი შესაძლოა, იყოს მეტი სამუშაო საათები, ხოლო დასაქმებულთა ინტერესში შედის ნორმირებული სამუშაო დროით სარგებლობა. ეს არის საერთაშორისო სტანდარტი, რაზეც განვითარებული სამყარო ასწლეულზე მეტია შეჯერდა. ორი წლის განმავლობაში ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია გვქონდა და მოლოდინი უნდა ჰქონოდათ, რომ მათი ინდუსტრიაც 40-საათიან სამუშაო საათზე გადავიდოდა. გადავადება ამ ეტაპზე არ იგეგმება და ბიზნესს ვაძლევთ ადაპტირებისთვის საშუალებას, თუმცა ასევე გვაქვს მოთხოვნა დასაქმებული ადამიანების შრომითი უფლებები დაცული იყოს. ჩვენ არ ვკრძალავთ 40 საათზე მეტი დროით მუშაობას, არამედ ვამბობთ, რომ თუ სამუშაო დრო 40 საათს აჭარბებს, ზეგანაკვეთურით ანაზღაურება უნდა მოხდეს. გვესმის დასაქმებული ადამიანების ეკონომიკური ინტერესი და მათ შესაძლოა სურდეთ შედარებით მეტი იმუშაონ. შესაბამისად მეტიც გამოიმუშაონ, ამას ვეთანხმებით, უბრალოდ ეს მხარეთა შეთანხმებით უნდა მოხდეს”,-აცხადებს ფერაძე.

საქართველოს მთავრობამ სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ახალი ჩამონათვალი დაამტკიცა. შრომის კოდექსის თანახმად, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, თუმცა განსხვავებული მიდგომაა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოებში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს – კვირაში 48 საათს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენებისა და დასვენების დრო.

გასული წლის დეკემბრის ბოლოს მიღებული დადგენილებით, შემცირდა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალი. კერძოდ, სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების განახლებულ ჩამონათვალში აღარ გვხვდება ისეთი საქმიანობები, როგორიცაა: მშენებლობა, ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის; ტყავის, ტყავის ნაწარმისა და ფეხსაცმლის წარმოება და ქაღალდის მრეწველობა; სასტუმროები და რესტორნები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები