სახალხო დამცველის აპარატი „რეფორმერ ფიტნესის“ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოში ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია აკრძალულია და ვალდებულია ყველა იმ პირის განცხადებას შეისწავლის, ვინც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს.
"სტანდარტული საქმისწარმოების ფარგლებში გამოვითხოვეთ ინფორმაცია და საპასუხო პოზიცია შპს „რეფორმერ ფიტნესისგან“, რომელიც უმნიშვნელოვანესია სავარაუდო დისკრიმინაციის შეფასებისთვის და საქმის სრულყოფილად შესწავლისთვის. კომპანიის მიერ გავრცელებული საჯარო განცხადება კი ემსახურება პირად მიზნებს, სპეკულირებს ყველასთვის განსაკუთრებით მტკივნეული საკითხით - ოკუპაციით და ამავდროულად ავრცელებს ცრუ ნარატივს, სახალხო დამცველისა და მისი აპარატის დისკრედიტაციის მიზნით", - წერია განცხადებაში.
თავის მხრივ ფიტნესს კლუბი არ აპირებს პოლიტიკის შეცვლას და რუსეთის იმ მოქალაქეების მომსახურებას, რომლებიც წერილობით არ დაადასტურებენ პატივისცემას საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ.
"არ არსებობს კანონი და ძალა, რომელიც გვაიძულებს მოვემსახუროთ ჩვენთვის არასასურველ სტუმრებს, ან არ მოვემსახუროთ ჩვენთვის სასურველ მომხმარებლებს (როგორც ამას პანდემიის დროს ვაკეთებდით). თქვენ ამას დისკრიმინაციას უწოდებთ, სეგრეგაციას თუ სტიგმას საერთოდ არ გვაინტერესებს.როგორც ჩანს თქვენ მიერ დადგენილი ვადაც შემომგვერღვა, მაგრამ ესეც არ გვაინტერებს.გირჩევთ, ასე ოპერატიულად და მონდომებით დაიცვათ საქართველოს მოქალაქეების უფლებები სისტემის წინაშე", - აცხადებენ „რეფორმერ ფიტნესში".




























