BM.GE-თან ინტერვიუში ის განმარტავს, რომ დაახლოებით, 20-მდე კომპანიაში 3000-მდე სამუშაო ადგილია, მაგრამ ბაზარზე კვალიფიციური მუშახელის პრობლემაა.
მისი თქმით, ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი სამშენებლო და ენერგეტიკის სექტორებშია.
“ამ ჩამონათვალში შედიან ისეთი კომპანიები, როგორიცაა მაგალითად "GWP" და „ყაზტრანსგაზი“. ძირითადად ვისთანაც ვთანამშრომლობთ, ოპერირებენ ენერგეტიკაში, შედუღების მიმართულებაში, წყალმომარაგებაში, ავეჯის, ტურიზმის სექტორში, სანტექნიკაში, ფაქტობრივად, სამშენებლო სექტორის ყველა სეგმენტში. დაახლოებით, მაისიდან უკვე იწყება სახელმწიფოს გადამზადების პროგრამა და კვლევები ჩავატარეთ იმისთვის, რომ გვცოდნოდა, დაახლოებით, რომელ პროფესიებზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა“, - განაცხადა მან.
მისივე განმარტებით, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, საქართველოში პროფესიული განათლებით სამსახურის შოვნა ძალიან მარტივია.
ის ამბობს, რომ თუ ადამიანს აქვს მოტივაცია და სურვილი, შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ დასაქმების შანსი მაღალია.
„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ თუ ადამიანს აქვს მოტივაცია და სწავლის სურვილი, ის პროფესიულ სექტორში შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ მყისიერად დასაქმდება", - აცხადებს ტაკიძე.
როგორც „სპექტრის“ დირექტორი ამბობს, სამშენებლო სექტორში საშუალო ანაზღაურება 1000 ლარია, შესაბამისად, სამუშაო პირობები საკმაოდ ნორმალურია.

























