ამერიკულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Spirit Airlines-მა, უმძიმესი ფინანსური ვითარების ფონზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ 1,800 ბორტგამცილებელი ულიმიტო დროით, უხელფასო შვებულებაში გაუშვას. აღსანიშნავია, რომ ეს კომპანიაში დასაქმებული ბორტგამცილებლების ერთ მესამედზე მეტია. ვერდიქტი ძალაში 2025 წლის პირველ დეკემბერს შევა. ანუ ზამთრის სამოგზაურო სეზონის დაწყების წინ.
ავიაკომპანიის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ამერიკულ სასამართლოში გაკოტრების შესახებ შეტანილი განაცხადი. ამჯერად, ეს განაცხადი გაბანკროტების შესახებ კანონმდებლობის მე-11 მუხლის შესაბამისად არის შედგენილი, რაც სასამართლოს ზედამხედველობით ისეთ რესტრუქტურიზაციას მოიაზრებს, რომლის ფარგლებშიც ვალში მყოფი კომპანია აქტივებზე კონტროლს ინარჩუნებს, თუმცა ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირება უწევს.
მიღებული გადაწყვეტილება Spirit Airline-სს სწორედ იმ უზარმაზარი ვალების გასტუმრებაში დაეხმარება, რაც ბიუჯეტურ ავიაკომპანიაზე მოთხოვნის შემცირებამ განაპირობა. რესტრუქტურიზაციის ფარგლებში, Spirit Airline-ი გასულ წელთა შედარებით ფრენების 25%-ით შემცირებას გეგმავს. ნებაყოფლობით უხელფასო შვებულებაში გასვლა დასაქმებულებს პირველი ნოემბრიდან შეეძლებათ, ხოლო პირველი დეკემბრიდან ის სავალდებულო გახდება.
Spirit Airline-ის თანამშრომლების ინტერესების დამცველი პროფესიული გაერთიანება უკვე იწყებს მუშაობას, რათა უხელფასო შვებულებაში გაშვებული თანამშრომლებისთვის ალტერნატიული შემოსავლის გზები გამონახოს. მათ შორის, განიხილება სხვა ავიაკომპანიებში სამსახურის მოძებნა.


























