ამერიკულმა ბიუჯეტურმა საავიაციო კომპანია Spirit Airlines-მა შესაძლოა მიმდინარე კვირაში ლიკვიდაციის პროცესი დაიწყოს. არსებული ინფორმაციით, ავიაკომპანია ფინანსური სირთულეების დაძლევას ვეღარ ახერხებს.
ცნობისთვის, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომპანიამ გაკოტრების გამოცხადებისთვის ორჯერ მოემზადა. ირანის ომამდელი ფინანსური პრობლემები კონფლიქტის გამო საწვავის ფასების მკვეთრმა ზრდამ კიდევ უფრო დაამძიმა.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიის წარმომადგენლები ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ბაზარზე გავრცელებულ ცნობებს ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებენ, თუმცა CNBC-ს წყარო უდასტურებს, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
ცნობისთვის, Spirit-ში ფინანსური პრობლემები პანდემიის შემდგომ პერიოდში გაიზარდა. მაშინ ხელფასებისა და სხვა ხარჯების მოცულობამ მკვეთრად მოიმატა. პრობლემები გააღრმავა იმანაც, რომ Pratt & Whitney-ის ძრავებს, რომელთა გამოყენებასაც ავიაკომპანია აპირებდა, სერიოზული ქარხნული წუნი გამოუვლინდა, რის გამოც კომპანიას ათობით Airbus-ის ხომალდის გაჩერება მოუხდა. პარალელურად, სასამართლომ JetBlue Airways-თან დაგეგმილი შერწყმის პროცესი დაბლოკა. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ავიაკომპანია მსხვილ კონკურენტებთან ბრძოლაში მარტო დატოვა.
კომპანია ბაზარზე პოზიციების შენარჩუნებას ხარჯების შემცირებით ცდილობდა. ამ მიზნით პილოტებისა და ბორტგამცილებლების პროფკავშირებმა დათმობებზე წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. თუმცა Spirit-ს ვერც ამ ნაბიჯმა უშველა. გასულ წელს ავიაკომპანიამ $257 მილიონამდე ზარალი დააფიქსირა, რამაც მდგომარეობა კრიტიკულ ნიშნულამდე მიიყვანა.
ცნობისთვის, Spirit Airlines-ი წლების განმავლობაში ინდუსტრიაში მაღალი მარჟითა და სტაბილური მოგებით გამოირჩეოდა, თუმცა პანდემიურმა შოკმა მასზე მძიმე გავლენა იქონია.




























