ოლიმპიურმა ჩემპიონმა და საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემ გადაცემა BMG Drive-ში იმ სარგებელზე ისაუბრა, რისი მოტანაც სპორტს ქვეყნისა და საზოგადოებისთვის შეუძლია.
„ესენია: სიმდიდრე, ჯანმრთელობა და პერსპექტივა. ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია. ეს სიტყვები ბევრის მეტყველია“, - აღნიშნა მან.
ასანიძის თქმით, სპორტის განვითარება ქვეყანაში მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს ავტომატურად ბევრი პრობლემის მოგვარებასა და შემსუბუქებას იწვევს.
„სპორტით დაკავებულ ადამიანს ნაკლები პრობლემა აქვს, როგორც სოციალური, ასევე ჯანმრთელობის კუთხით. როდესაც პარლამენტის წევრი ვიყავი, ჩემს მიზანს სპორტზე ზრუნვა წარმოადგენდა. მიმაჩნია, რომ რაღაც გავაკეთე იმისათვის რომ სპორტი უფრო დაფასებული ყოფილიყო. სპორტი არის ქვეყნისთვის კარგი სარკე, რომელშიც ჩაიხედავ და ნახავ თუ როგორ არის ქვეყანა განვითარებული, როგორც ეკონომიკურად, ასევე სოციალურად. ერთი ჯანმრთელი ადამიანი უდრის ერთი საწოლით ნაკლებს. ჯანსაღი ცხოვრება მნიშვნელოვანია განვითარებისთვის, რომელიც ძლიერ ადამიანს უფრო მოტივირებულს ხდის, ის ნაკლებად აგრესიულია საზოგადოებისთვის. სპორტი არის მშვიდობის მტრედი“, - განაცხადა გიორგი ასანიძემ.
ცნობისთვის, ასანიძე 2004-2012 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს თავმჯდომარეობდა, 2013 წელს კი ის საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.