სუს-ის ახალ უფროსს მამუკა მდინარაძეს 4 ახალი მოადგილე ეყოლება. მათგან პირველი მოადგილე იუსტიციის მინისტრის ახლა უკვე ყოფილი პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძეა. ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.
პროფესიით სამართალმცოდნე ლაშა მაღრაძე ბოლო ერთი წლის განმავლობაში უწყებას და თანამდებობას უკვე მესამედ იცვლის. 2025 წლის თებერვლიდან აპრილამდე ის ახლად შექმნილი სპორტის სამინისტროში მინისტრის მოადგილის ადგილს იკავებდა, აპრილში კი მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრობა ანრი ოხანაშვილისგან პაატა სალიამ გადაიბარა, ლაშა მაღრაძე იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე გახდა.
- სამუშაო გამოცდილება
მას კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილებაც აქვს. სპორტის სამინისტროში მისვლამდე ის სს „ჯინო ჰოდინგის“ პრეზიდენტის თანაშემწე იყო. 2022-დან 2025 წლამდე შპს „სამართლის ინოვაციური სკოლის“ დამფუძნებელი/მმართველ პარტნიორიც იყო.
მანამდე კი 2019-2020 წლები საქართველოს გენერალური პროკურატურაში, პროფესიული განვითარებისა და კარიერის მართვის სამმართველოს მრჩეველი, 2013-2018 წლებში სსიპ - იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი. 2010-2013 წლებში საქართველოს უზენაეს სასამართლოში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსი, 2008-2010 წლებში კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროში, თავმჯდომარის მოადგილის პოზიციებზე მუშაობდა.
2000-იანი წლების სხვადასხვა პერიოდში კი იუსტიციის სამინისტროში სააღსრულებო დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველოს უფროსის, ასევე საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთდახმარების სამმართველოს უფროსის პოზიციებზე იყო. ამასთან, საია-ს პენიტენციური სისტემის რეფორმის მონიტორინგის პროექტის კოორდინატორი, გენერალურ პროკურატურაში ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი და საია-ს იურიდიული დახმარების ცენტრის კონსულტანტი იყო.
- ლაშა მაღრაძის ქონებრივი დეკლარაცია
ლაშა მაღრაძემ თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია სპორტის მინისტრის მოადგილის პოზიციაზე ყოფნისას, მიმდინარე წლის 24 მარტს შეავსო. დოკუმენტის მიხედვით, მას ჰყავს მეუღლე სოფიო სახელაშვილი და ორი შვილი. ქონებრივ დეკლარაციაში მას შეყვანილი ჰყავს ასევე მამა - ტარიელ მაღრაძე და დედა - ნინო მაღრაძე.
ლაშა მაღრაძის მეუღლე სოფიო სახელაშვილი თბილისში სამ ბინას ფლობს, მათგან ორი - ვაშლოვანის ქუჩაზე და ქიაჩელის ქუჩაზე 2020 და 2023 წლებში მემკვიდრეობით აქვს მიღებული, ერთი - 57 კვ.მ. -ის ბინა ცოტნე დადიანის ქუჩაზე 2018 წელს 50 000 ლარად აქვს შეძენილი.
ამასთან, ლაშა მაღრაძეს მეუღლესთან 50%-იანი წილის ფლობით, თბილისში 2010 წელს 100 000 ლარად ქიაჩელის ქუჩაზე 142 კვ.მ.-ის ბინა აქვს შეძენილი.
სუს-ის უფროსის ახალი პირველი მოადგილე ბოლნისის რაიონის სოფელ ტანძიაში 2 მიწის ნაკვეთს ფლობს, ჯამში 1875 კვ.მ-ის მიწა მას 2022 წელს ჩუქებით აქვს მიღებული, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ აბრამეთში კი 2021 წელს 1090 კვ.მ.-ის მიწა 10 000 დოლარად აქვს შეძენილი.
ლაშა მაღრაძეს ტოიოტას მარკის მანქანა ჰყავს, რომელიც 2021 წელს 12 000 ლარად შეიძინა, მისმა მეუღლე სოფიო სახელაშვილმა კი ასევე „ტოიოტას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი 2020 წელს მემკვიდრეობით მიიღო.
ლაშა მაღრაძეს "თიბისი ბანკში" საკრედიტო ანგარიშზე 2211 ლარი, სახელფასოზე - 4000 ლარი, მიმდინარე ანგარიშზე კი 2.7 ლარი უფიქსირდებოდა.
სოფიო სახელაშვილს თიბისი ბანკში 54 ათას ლარზე მეტი სასესხო ვალდებულება აქვს.
სუს-ის უფროსის ახალ პირველ მოადგილეს დეკლარაციის შევსებისას სახელფასო გრაფა შევსებული არ აქვს, შესაბამისად, რა თანხა მიიღო გასულ წელს მან სახელფასო ანაზღაურების სახით ცნობილი არ არის.
ლაშა მაღრაძე შპს ტრენინგების და მართვის საკონსულტაციო გუნდი საქართველოში 50%-იან წილს ფლობს, საიდანაც 2024 წელს შემოსავლის სახით 32 710 ლარი აქვს მიღებული.
მისი მამა - ტარიელ მაღრაძე 2006 წლიდან დღემდე „ბიგ-ოილი საქართველოს“ დირექტორის პოზიციას იკავებს, თუმცა როგორც ქონებრივ დეკლარაციაში ლაშა მაღრაძე აღნიშნავს, 2007 წლიდან საწარმო არ ფუნქციონირებს და ტარიელ მაღრაძეს ბოლო 18 წლის განმავლობაში აღნიშნულ საწარმოსთან კავშირი არ აქვს.
დოკუმენტის მიხედვით, სუს-ის უფროსის პირველი მოადგილის მეუღლე გასულ 2024 წელს 61 000 ლარიანი კრედიტის მომსახურებისას 11 908 ლარის, მეორე 13 500-ლარიანი კრედიტის მომსახურებაში კი 3 238 ლარის გასავალი ჰქონდა.
ამასთან, ლაშა მაღრაძემ გასულ წელს შვილების სწავლის საფასური ჯამურად 7100 ლარის ოდენობით გადაიხადა.




























