Bolt Food-ის 100-მდე კურიერი სპორტის სასახლესთან საპროტესტო აქციას მართავს.
აღსანიშნავია, რომ კურიერები შემცირებული ტარიფების გაზრდის მოთხოვნით 17 მარტს პირველად გაიფიცნენ, რის შემდეგაც კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ესტონური კომპანიის საქართველოს წარმომადგენლობაში კურიერებს განუცხადეს, რომ გადაწყვეტილებას კომპანიის სათავო ოფისი იღებს და მოთხოვნებით მათთვის უნდა მიემართათ.
როგორც BM.GE-ს აქციის ერთ-ერთი მონაწილე და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ზაქარია მეტრეველი უყვება, „ბოლტ ფუდის“ კურიერებმა კომპანიის სათაო ოფისს გუშინ მიმართეს, მაგრამ გუშინვე მათთვის დაწესებული ტარიფების კიდევ უფრო შემცირების შესახებ შეიტყვეს.
„მაღალი მოთხოვნის საათებში ბონუსი 50%-ით იზრდებოდა და პიკის საათებში კი 100%-ით. ახლა დღის ყველა მონაკვეთში სტანდარტულად დაწესებული ტარიფია 4 ლარი 1 შეკვეთაზე, დატვირთვის მიუხედავად 1.5%-ით იზრდება. დღეს სწორედ ამ გადაწყვეტილებას გავაპროტესტებთ და მოვითხოვთ, ძველი პირობები აღადგინონ. ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოში გამოჩნდება პირი, რომელიც ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას აიღებს და პასუხს გაგვცემს ჩვენს ყველა კითხვაზე“, - ამბობს ზაქარია მეტრეველი.
მისი თქმით, კომპანიის სათავო ოფისისადმი წერილი მათ გუშინ გააგზავნეს, თუმცა როდის მოხდება ამ წერილზე რეაგირება, კონკრეტულად არ იცის.