სპორტკომპლექს „ნეპტუნს“ შემოსავლები მიმდინარე წელს 2019 წელთან შედარებით 25%-ით გაეზარდა. როგორც bm.ge-ს „ნეპტუნის“ მენეჯერმა მაია ალავიძემ განუცხადა, შემოსავლების ზრდა კოვიდშეზღუდვების მოხსნას უკავშირდება, რადგან სპორტკომპლექსს უკვე სრული დატვირთვით მუშაობის უფლება აქვს.
მისივე თქმით, ზაფხულის სეზონის ბოლოს შემოსავლების 100%-იან ზრდას ვარაუდობენ.
აღსანიშნავია, რომ სპორტკომლექსს „ნეპტუნში“ ფასები პანდემიის პერიოდში არ გაზრდილა და ფასთა კორექტირება არც მიმდინარე წელს განიხილება.
„კოვიდშეზღუდვების მოხსნის შემდგომ დატვირთულობამ მოიმატა. ეს შემოსავლებზეც აისახა და თუ ამ პერიოდს 2019 წელს შევადარებთ, ნეპტუნის შემოსავლები 25%-ით არის გაზრდილი. ხალხი პანდემიის შემდგომ მსგავს სივრცეებში სიარულს მონატრებულია, ჩვენც უკვე მომხმარებელს სრული დატვირთვით ვემსახურებით. სეზონი იმდენად კარგად დაიწყო, რომ ვფიქრობთ, შემოსავლები 100%-ით გაიზრდება.
რაც შეეხება ფასებს, პანდემიის პერიოდში საერთოდ არ შეგვიცვლია. ვცდილობთ მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომობა შევინარჩუნოთ. აღსანიშნავია, რომ შევძელით და თანამშრომლების ხელფასები 30%-ით გავზარდეთ“, - ამბობს „ნეპტუნის“ მენეჯერი.

























