25 წლის წინ ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა NHL-ის გუნდების საშუალო ღირებულება $148 მილიონად შეაფასა. NBA-ში ეს მაჩვენებელი $207 მილიონი იყო, ხოლო MLB-ში $233 მილიონი. თუნდაც ძლევამოსილი NFL-ის გუნდების საშუალო ღირებულება მხოლოდ $423 მილიონს შეადგენდა.
დღეს კი ჩრდილოეთ ამერიკის ოთხი მთავარი ლიგის ყველა, 124-ვე ფრენჩაიზის ღირებულება სულ მცირე $1.05 მილიარდს აღწევს, ხოლო მათი ჯამური ღირებულება $536 მილიარდს შეადგენს. თითოეულ სპორტში საშუალო შეფასება $2.2 მილიარდს აჭარბებს, NFL-ში კი $7.1 მილიარდსაც, ხოლო უმაღლეს დონეზე გუნდების ფასი $13 მილიარდამდე ადის.
ზრდის ნაწილი უბრალოდ ინფლაციის შედეგია მაგალითად, 2000 წლის $148 მილიონი 2025 წლის ფასებში დაახლოებით $280 მილიონი იქნებოდა, თუმცა ზრდის უდიდესი ნაწილი სპორტული ფრენჩაიზების რეალურ წარმატებას ასახავს. ფაქტობრივად, ბოლო 25 წლის განმავლობაში ინდუსტრია სტაბილურად მიდიოდა ფინანსური რეკორდებისკენ, მაშინაც კი, როცა დანარჩენი ეკონომიკა სირთულეებს განიცდიდა.
ამ გზაზე, NFL-ის ფრენჩაიზი, რომელიც დღეს "ვაშინგტონ კომანდერსის" სახელით არის ცნობილი და 2000 წელს $741 მილიონად იყო შეფასებული, 2004 წელს გახდა პირველი გუნდი, რომლის ღირებულებამ $1 მილიარდს გადააჭარბა. რვა წლის შემდეგ სპორტის სამყარომ პირველი $2 მილიარდად შეფასებული გუნდი მიიღო ინგლისის პრემიერლიგის "მანჩესტერ იუნაიტედი“, ხოლო ლიდერმა კვლავ გააორმაგა შედეგი 2016 წელს, როდესაც "დალას ქოუბოისის“ ფასმა $4 მილიარდს გადააჭარბა. 2022 წელს “ქოუბოისის” ღირებულებამ $8 მილიარდსაც მიაღწია და მას შემდეგ ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდა.
ახლა კი, როცა XXI საუკუნის მეოთხედს ვაჯამებთ, რომელი გუნდები გაიზარდნენ ღირებულებით ყველაზე მეტად? ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ შევხედავთ საკითხს.
აბსოლუტური ღირებულების ცვლილებით დალაგებისას, ლიდერი ფრენჩაიზები გასაკვირი არაა პრაქტიკულად Forbes-ის 2025 წლის მსოფლიოს 50 ყველაზე ღირებული სპორტული გუნდის რეიტინგის ასლია.
“ქოუბოისი” კვლავ ლიდერობს, როგორც ხშირად ფინანსურ რეიტინგებში, მას შემდეგ, რაც Forbes-ის 2000 წლის NFL-ის სიაში არსებული $713 მილიონიდან $13 მილიარდამდე ავიდა უახლეს გამოცემაში, ანუ ზრდა $12.3 მილიარდია. გასულ სეზონში მსოფლიოს არც ერთ სპორტულ გუნდს არ ჰქონდა “ქოუბოისის” $1.2 მილიარდიან შემოსავალთან ახლოსაც მყოფი თანხა და მხოლოდ ერთი გუნდი ჩამორჩებოდა მას $350 მილიონზე ნაკლებით.
სურათი უფრო მოულოდნელია, როცა პროცენტული ზრდით ვალაგებთ ისე, როგორც ინვესტორები ჩვეულებრივ აფასებენ თავიანთ მოგებას.
პროცენტული ზრდის მიხედვით NBA დომინირებს, იკავებს ტოპ-25-ში 18 ადგილს, NFL-ს ხუთი წარმომადგენელი ჰყავს, NHL-ს კი ორი. ყველა ამ 25-ვე გუნდმა მინიმუმ 2,264%-იანი ზრდა აჩვენა, ანუ წლიური 13.5% ზრდა.
უფრო მეტიც, ოთხი დიდი ლიგის იმ 118 ფრენჩაიზიდან, რომლებიც მთელი 25 წლის განმავლობაში არსებობდნენ, არც ერთს არ ჰქონია 285%-ზე ნაკლები ზრდა.
სპორტის სამყაროში ბანკირებისა და ინვესტორების უმეტესობის მსგავსად, Forbes ფრენჩაიზებს შემოსავლის მულტიპლიკატორებით აფასებს, ამიტომ გუნდების ღირებულება ბუნებრივად გაიზარდა, რამდენადაც მათ მეტი ფულის გამომუშავება შეძლეს. ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა ეროვნული მედია უფლებების საფასურის მატებას უკავშირდება: NFL-ის უახლესი შეთანხმებები მინიმუმ $125.5 მილიარდს უზრუნველყოფს 2033 წლამდე. 2024 წელს თითო გუნდზე $392 მილიონს, ანუ საშუალო გუნდის შემოსავლის 59%-ს.
ჩრდილოეთ ამერიკის სხვა ლიგებში ეს ტენდენცია ნაკლებად დრამატულია, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი. მაგალითად, NBA-ში თითოეულმა ფრენჩაიზმა გასულ სეზონში მხოლოდ ლიგის ეროვნული სატელევიზიო და რადიო შეთანხმებებიდან დაახლოებით $120 მილიონი მიიღო, საშუალო შემოსავლის 29% და ეს მანამდე, სანამ წელს ძალაში შევა ახალი სამაუწყებლო პაკეტი, რომლის ღირებულება, გავრცელებული ინფორმაციით, 11 წელზე $76 მილიარდს შეადგენს.
როგორიც არ უნდა იყოს გამოთვლა, ყოველივე წარმატებული ნაბიჯია იმ მფლობელებისთვის, რომლებმაც გუნდები მეოთხედ საუკუნის წინ შეიძინეს. მილიარდერმა, Johnson & Johnson-ის მემკვიდრე ვუდი ჯონსონმა 2000 წელს $635 მილიონად შეიძინა “ნიუ იორკ ჯეტსი“ იმ დროს მესამე ყველაზე მაღალი ფასი სპორტულ გუნდში გადახდილი. დღეს ეს ფრენჩაიზი $8.1 მილიარდად არის შეფასებული.
სტენ კროენკემ 2000 წელს კიდევ უკეთესი გარიგება დადო, როცა “დენვერ ნაგეტსი“ და “კოლორადო ავალანჩი“, ასევე მათი არენა, ჯამში დაახლოებით $450 მილიონად შეიძინა. დღეს ეს ორი გუნდი, უძრავი ქონების გამოკლებით, თითქმის $6 მილიარდად ფასობს და კროენკეს სპორტული იმპერია კიდევ უფრო გაფართოვდა “რემსის“, პრემიერლიგის “არსენალისა“ და MLS-ის “კოლორადო რაპიდსის“, სხვა კლუბებთან ერთად შეძენით.
ინვესტორებმა, რომლებმაც სპორტულ გუნდში ჩადეს ფსონი, თითქმის გამონაკლისის გარეშე მოიგეს.




























