მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სპორტული ინვენტარის ბაზარზე ახალი მოთამაშე გამოჩნდა - რას გთავაზობთ 15 წლის სტარტაპერის ბრენდი Golden Ball

golden ball

სპორტული, კერძოდ კი საფეხბურთო ინვენტარის ბაზარზე ახალი მოთამაშე გამოჩნდა. ბრენდი Golden Ball 15 წლის ყოფილმა ფეხბურთელმა, ლუკა კაკალაშვილმა დააფუძნა და მიზნად ისახავს, მომხმარებელს ხარისხიანი ბუცები, ბურთები და სხვა აქსესუარები ხელმისაწვდომ ფასად შესთავაზოს.

საქმე ისაა, რომ ბოლო წლებში საქართველოში ფეხბურთის პოპულარობის მკვეთრმა ზრდამ სპორტული ეკიპირების ბაზარზე ახალი შესაძლებლობები, თუმცა ამავდროულად, კონკრეტული დეფიციტიც გამოავლინა. მომხმარებლებისთვის, დამწყები და მოყვარული მოთამაშეებისთვის, მთავარ ბარიერად გლობალური ბრენდების მაღალი ფასი რჩება, ბიუჯეტური ალტერნატივები კი პროფესიონალურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

სწორედ ეს თავისუფალი ნიშა დაინახა ლუკა კაკალაშვილმა და, მისივე თქმით, სიმბოლური საწყისი კაპიტალით ბაზარს ხარისხიან ეკიპირებას უკვე სთავაზობს.

"იდეა გაჩნდა ფეხბურთისადმი დიდი სიყვარულიდან. მამაჩემთან ერთად გადავწყვიტე, რომ მხოლოდ გულშემატკივრობა საკმარისი არ იყო და გვინდოდა, ქართველი მოთამაშეებისთვის ხარისხიანი ეკიპირება ხელმისაწვდომი გაგვეხადა. სიმამაცე სწორედ ოჯახურმა მხარდაჭერამ და იმის რწმენამ მოგვცა, რომ მონდომებით სიმბოლური კაპიტალითაც შეიძლება რეალური საქმის დაწყება", - ამბობს Golden Ball-ის დამფუძნებელი.

როგორც მან BM.GE-სთან საუბარში აღნიშნა, ბრენდის ასორტიმენტი ფეხბურთის ბურთებს, ბუცებსა და სხვა სპორტულ აქსესუარებს მოიცავს, რომელთა ღირებულება 85-დან 100 ლარის დიაპაზონში მერყეობს.

კონკურენტული ფასის შენარჩუნებაში სტარტაპს ჩინეთში ქარხანასთან პირდაპირი კავშირი ეხმარება.

"მაშინ, როცა გლობალური ბრენდები ხშირად ზედმეტად ძვირია, ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ გამძლე და კომფორტულ პროდუქციას, ბევრად ხელმისაწვდომ ფასად. მომხმარებელმა ჩვენ იმიტომ უნდა აგვირჩიოს, რომ ვართ ადგილობრივი ბრენდი, რომელიც ზუსტად გრძნობს მათ საჭიროებებს. ამიტომ, ფასების დიაპაზონი 85 ლარიდან 100 ლარამდე მერყეობს.

პროდუქციის შერჩევისას დიდ ყურადღებას ვაქცევთ ხარისხს. საფასო კატეგორია გათვლილია საშუალო მომხმარებელზე, რათა ხარისხიანი სპორტული ინვენტარი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს", - ამბობს ლუკა კაკალაშვილი.

Golden Ball-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ფეხბურთის მზარდ პოპულარიზაციასთან ერთად, ეკიპირებაზე მოთხოვნაც იზრდება, ასაკი კი ლუკა კაკალაშვილს თანატოლების გემოვნებაზე მორგებული პროდუქციის არჩევაში ეხმარება.

"ფეხბურთის მიმართ ინტერესის ზრდა პირდაპირ აისახება მოთხოვნის მატებაზე. სულ უფრო მეტი ბავშვი და ახალგაზრდა ინტერესდება ამ სპორტით, რაც ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა. ბაზარი იზრდება და ჩვენც ვცდილობთ, ამ ტალღას ფეხი ავუწყოთ და მომხმარებელს მრავალფეროვანი არჩევანი დავახვედროთ.

ჩემი მთავარი გამოწვევა ასაკის გამო სერიოზული აღქმაა, თუმცა მამაჩემის გამოცდილება და ჩემი ახალგაზრდული ხედვა საუკეთესო კომბინაცია აღმოჩნდა. მე უკეთ მესმის თანატოლების გემოვნება და ციფრული ტენდენციები, რაც მარკეტინგში გვეხმარება, მამა კი მართვისა და ლოგისტიკის სტაბილურობას უზრუნველყოფს", - ამბობს ლუკა კაკალაშვილი.

კითხვაზე, რა არის Golden Ball-ის სამომავლო გეგმები, დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მიზანი საქართველოს ბაზარზე დამკვიდრებაა.

"3-5 წელიწადში ჩვენს ბრენდს ბაზარზე მყარად დამკვიდრებულს ვხედავ. ჩემს თანატოლებს, რომლებსაც ბიზნესიდეები აქვთ, ვეტყოდი: ნუ შეგეშინდებათ მარცხის. მჯერა, რომ თუ რაღაც მთელი გულით გსურს, შეუძლებელი არაფერია და მიზანს აუცილებლად მიაღწევ", - ამბობს ის.

ცნობისთვის, Golden Ball-ის პროდუქციის დათვალიერება და ყიდვა მათ Facebook გვერდზეა შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები