მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპორტული კლუბების ყველაზე მდიდარი მფლობელები 2024 წელს

სპორტული კლუბების მდიდარი მფლობელები 2024

2024 წელს სპორტული კლუბების ოცი უმდიდრესი მფლობელის საერთო ქონებამ 481 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 6%-ით შემცირებული მაჩვენებელია 2023 წელთან შედარებით. წლევანდელ რეიტინგში ქონების თვალსაზრისით სამი ადამიანის გარდა ყველამ მატება განიცადა. ქონება დააკლდათ ისეთ ბიზნესმენებს, როგორებიც მარკ მატეშიცი (Red Bull), ჯეიმს რეტკლიფი (Manchester United) და მუკეშ ამბანი (Mumbai Indians) არიან.

ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია (NBA) არის ის ლიგა, რომელსაც სიაში ყველაზე მეტი, 9 წარმომადგენელი ჰყავს. NBA-ის მოსდევს NFL-ი 7 მფლობელით, ჰოკეის NHL-ი 5 ბიზნესმენითაა წარმოდგენილი, ამერიკული საფეხბურთო ლიგიდან (MLS) რეიტინგში 4 ადამიანი გვხვდება, მაშინ როცა ევროპული ფეხბურთის მმართველებიდან სიაში მხოლოდ 3 ხელმძღვანელი მოხვდა. სტივ კოენი არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც 2024 წელს ბეისბოლის ღირსებას იცავს, ხოლო ჯოსეფ ცაი რეიტინგში NBA-ის ეგიდით გაიყვანეს, თუმცა რეალურად ქალთა საკალათბურთო ასოციაციის წარმომადგენელია.

სიას სათავეში “ლოს-ანჯელეს კლიპერსის” მფლობელი სტივ ბალმერი უდგას, რომლისთვისაც დიდი ფულის სპორტში დაბანდება პრობლემა არასდროს ყოფილა. 2014 წელს კომპანია “მაიკროსოფტის” ყოფილმა დირექტორმა NBA-ის კლუბი მაშინ სარეკორდო 2 მილიარდ დოლარად შეიძინა. გასულ იანვარს ბალმერმა 3 წლით კონტრაქტის გახანგრძლივების სანაცვლოდ თავისი გუნდის ლიდერს კავაი ლეონარდს 152 მილიონი დოლარი შესთავაზა, რასაც კალათბურთელი დათანხმდა და მოსალოდნელია, რომ ანალოგიურ შეთავაზებას ბალმერი კლუბის დანარჩენ ორ ლიდერს პოლ ჯორჯსა და ჯეიმს ჰარდენს გაუკეთებს. ბალმერი, რომლის ქონებაც 121 მილიარდ დოლარად ფასდება, მომავალ სეზონში “კლიპერსს” ახალ 2 მილიარდად აშენებულ სტადიონზე “Intuit Dome-ში” გადაიყვანს.

Forbes-მა გადაწყვიტა სიიდან ამოეღო ისეთი გუნდის მფლობელები, რომლებიც საჯარო კომპანიებში ირიცხებიან ან მათი აქციონერები არიან. შესაბამისად კრიკეტის გუნდის “Mumbai Indians-ის” ხელმძღვანელი მუკეშ ამბანი სიის მიღმა დარჩა, ისევე როგორც SoftBank-ის დირექტორი მასაიოში სონი, რომელიც იაპონური ბეისბოლის კლუბის “Fukuoka SoftBank Hawks-ის” მფლობელია.

ისტორიაში პირველად, აღნიშნულ სიაში მოხვდა მირიამ ადელსონი, რომელმაც საკუთარ ოჯახთან ერთად ბიზნესმენ მარკ კიუბანისგან NBA-ის კლუბი “Dallas Mavericks-ი” 3,5 მილიარდ დოლარად გამოისყიდა. ადელსონი სიაში მესამე ადგილზე მოხვდა, მას შემდეგ, რაც “Mavericks-ის” 68% შეიძინა, მომავალში უფრო მეტი აქციების გამოსყიდვით.

მთლიანობაში კი სპორტული კლუბების ხუთი უმდიდრესი მფლობელის რეიტინგი 2024 წლისთვის ასე გამოიყურება:
5. დანიელ გილბერტი - 26,2 მილიარდი დოლარი
გუნდი: “კლივლენდ კავალიერსი”

4. ფრანცუა პინო და მისი ოჯახი - 31,6 მილიარდი დოლარი
გუნდი: “რენი”

3. მირიამ ადელსონი და მისი ოჯახი - 32 მილიარდი დოლარი
გუნდი: “დალას მავერიკსი”

2. რობ უოლტონი და ოჯახი - 77,4 მილიარდი დოლარი
გუნდი: “დენვერ ბრონკოსი”

1. სტივ ბალმერი - 121 მილიარდი დოლარი
გუნდი: “ლოს-ანჯელეს კლიპერსი”

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები