„სპორტული ტურიზმის განვითარებისთვის მხოლოდ კარგი ბუნებრივი პირობები არ არის საკმარისი“ – მამუკა ბახტაძის სამთავროპო პროგრამაში აღნიშნულ, სპორტული ტურიზმის განვითარების სტრატეგიას, ტურისტული კომპანია „ტრეფიკ ტრეველის“ მმართველი პარტნიორი ცოტნე ჯაფარიძე საქმიანი დილის ეთერში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუკი ახალმა მთავრობამ ინფრასტრუქტურული პრობლემების გაუმჯობესებით არ დაიწყო მუშაობა და პირდაპირ საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძლობას შეუდგა, ეს ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებს.
„აუცილებლად უნდა მოგვარდეს სამთო კურორტებზე ინფრასტრუქტურული პრობლემები. არ შეიძლება კურორტზე ახალ დამონტაჟებული, მთავარი საბაგირო, სეზონზე ორი თვე იყოს გათიშული და მოთხილამურეები მანქანებით ადიოდნენ ტრასაზე სასრიალოდ.
კურორტამდე მისასვლელი გზა არ უნდა იყოს ცუდ მდგომარეობაში და არ უნდა სჭირდებოდეს ტურისტს მაღალი გამავლობის მანქანა, ისიც სპეციალურად მომზადებული. არ შეიძლება სასტუმროების რაოდენობა იყოს არასაკმარისი. ამიტომაც ჯერ ეს პრობლემები უნდა აღმოიფხვრას და შემდეგ უკვე უნდა მოემზადოს ქვეყანა საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებების მისაღებად.“ – აღნიშნა ცოტნე ჯაფარიძემ.
მისი თქმით, მართალია მთავრობას ქვეყანაში დიდი ოდენობის ინვესტიციის განხორციელება მოუწევს, თუმცა ეს ყველაფერი მომავალში დიდ მოგებაზეა ორიენტირებული.

























