მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Spotify-ის გამომწერთა რაოდენობამ III კვარტალში 252 მილიონს მიაღწია

premium

მესამე კვარტალში Spotify-ის ყოველთვიური, აქტიური მომხმარებლების რაოდენობა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11%-ით, 640 მილიონამდე გაიზარდა, პრემიუმ სერვისის გამომწერთა რაოდენობა კი - 12%-ით 252 მილიონამდე - ამის შესახებ კომპანიის ანგარიშგებაშია საუბარი.

აღსანიშნავია, რომ ფასიანი სერვისის მომხმარებელთა რაოდენობამ Spotify-ის პროგნოზს 1 მილიონით გადააჭარბა.

ამასთან, მესამე კვარტალში პლატფორმის შემოსავალი 19%-ით, 4 მილიარდ ევრომდე გაიზარდა, რაც Spotify-ის პროგნოზთან თანხვედრაშია. რაც შეეხება საოპერაციო შემოსავალს, საკადრო და მარკეტინგული ხარჯების შემცირებისა და მოგების მარჟის გაძლიერების შემდეგ, კომპანიამ შედეგი 454 მილიონ ევრომდე გააუმჯობესა, რაც Spotify-სთვის რეკორდული მაჩვენებელია და აჩენს შესაძლებლობას, რომ 2024 წელი, პლატფორმისთვის პირველად, სრულად მოგებიანი აღმოჩნდეს.

შემოსავლის ზრდა პრემიუმ სერვისის მომხმარებლების კონტრიბუციითაა გამოწვეული, ფასიანი პაკეტები, რომელიც მუსიკის ურეკლამო სტრიმინგს ითვალისწინებს, ივნისში $2-3-ით გაძვირდა.

მესამე კვარტალის მონაცემებით, Spotify გლობალურად 7 242 თანამშრომელს ასაქმებს.

კვარტალურ შედეგებზე საუბრისას Spotify-ის დამფუძნებელმა, დანიელ ეკიმ აღნიშნა, რომ კომპანია ახალ პრემიუმ პაკეტზე მუშაობს, რომელიც უფრო ძვირი ეღირება და მომხმარებელს გაუმჯობესებულ ხარისხს შესთავაზებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები