მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სქაიტელი ბიზნესისთვის" - რა სიახლეს სთავაზობს კომპანია კორპორაციულ კლიენტებს?

სქაიტელი

კომპანია „სქაიტელი“ პარტნიორ კომპანიებს ახალ სერვისს სთავაზობს, რომელიც მათი საქმიანობის განვითარებასა და უსაფრთხო წარმოებას ხელს შეუწყობს.

როგორც კომპანიის კომერციული დირექტორი, დავით ჭიაბერაშვილი BMG-სთან საუბრისას ამბობს, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კორპორაციული მომხმარებლისთვის იმგვარი სერვისების შექმნაა, რომლებიც ბიზნესის დაცვასა და სტაბილურ მუშაობას უზრუნველყოფს.

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, კორპორაციულ მომხმარებლებს შევთავაზოთ ისეთი სერვისები, რომლებიც დაეხმარებათ საკუთარი საქმიანობის უსაფრთხოდ წარმართვასა და ბიზნესის დაცვაში კიბერშეტევისგან“, - აცხადებს დავით ჭიაბერაშვილი.

კომპანიამ კორპორაციული კლიენტებისთვის სპეციალური კონფერენცია გამართა, სადაც ახალი სერვისი – „კიბერ უსაფრთხოების მექანიზმი DDoS შეტევების პრევენციისთვის“ წარადგინა. „სქაიტელში“ განმარტავენ, რომ ახალი შეთავაზება კლასიკური სერვისებისგან იმით განსხვავდება, რომ ორგანიზაციას საკუთარ მონაცემთა ცენტრში დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა და ინვესტიციის გაღება აღარ მოუწევს.

სერვისის ტექნოლოგიურ მხარდაჭერას ჩეხეთში რეგისტრირებული საერთაშორისო კომპანია „ქურატორი“ უზრუნველყოფს, რომელსაც მსოფლიოში 14 სკრაბინგ ცენტრი აქვს. აღნიშნული ქსელი საქართველოს ბაზარზეც ვრცელდება, რადგან „ქურატორის“ ოფიციალური პარტნიორი ქვეყანაში „სქაიტელი“ იქნება.

კონფერენციაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ „სქაიტელი“ ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ წარმატებულ დატა ცენტრის პროვაიდერ „ქლაუდ ცხრასთან“ იწყებს პარტნიორობას. თანამშრომლობის ფარგლებში, „ქლაუდ ცხრას“ ინფრასტრუქტურაზე განხორციელდება „ქურატორის“ სერვერების განთავსება, კოლოკაცია, ტრაფიკის აგრეგაცია და სხვა ტექნიკური სერვისები.

„სქაიტელში“ ამბობენ, რომ კომპანიის მიზანია, მუდმივად განავითაროს ახალი ტექნოლოგიური სერვისები, რათა როგორც ახალ, ისე არსებულ მომხმარებელს სტაბილური და უსაფრთხო ინტერნეტ მომსახურება შესთავაზოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები