დღეიდან საქართველომ სახმელეთო საზღვრებიც გახსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული გამონაკლისების გარდა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აქ შემოსვლა, საჰაერო გზის გარდა, სახმელეთო გზითაც შეუძლიათ, თუმცა ირკვევა, რომ საჰაერო და სახმელეთო გზით შემოსული, როგორც - საქართველოს , ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შემოსვლის წესი განსხვავებულია. ორჯერადად (სრულად) ვაქცინირებულ მოქალაქეს საჰაერო გზით შემოსვლისას შეუძლია წარადგინოს მხოლოდ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო სახმელეთო გზით შემოსვლისას, საჭიროა, დამატებით 72-საათიანი ნეგატიური PCR-ტესტის პასუხის წარდგენა.
საქართველოში სხვა ქვეყნიდან საჰაერო გზით შემოსვლის წესი:
ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson ვაქცინის შემთხვევაში - ერთი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეეძლება საქართველოში საჰაერო გზით, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსვლა.
*გარდა ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირისა (მოქალაქეობის და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად), ასევე იმ პირების, რომლებსაც აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ისტორია. ისინი ექვემდებარებიან საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ − სავალდებულო 14-დღიან კარანტინს (უცხოელის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯით);
საქართველოში სახმელეთო/საზღვაო გზით შემოსვლის წესი:
კოვიდვაქცინით შემოსვლის შემთხვევაში, ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში – ერთი დოზა), სავალდებულოა ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული უარყოფითი PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
კოვიდვაქცინის გარეშე შემოსვლის შემთხვევაში, სავალდებულოა ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს უზრუნველყოს საკუთარი ხარჯით PCR კვლევის ჩატარება.
ყურადღება! პირებს, რომლებსაც აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ისტორია, ექვემდებარებიან PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას და სავალდებულო კარანტინს (საკუთარი ხარჯებით) 14 დღით, მიუხედავად მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარებისა.




























