მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სრულად დაზღვეულია დეპოზიტარი ფიზიკური პირების 98% და იურიდიული პირების 90% - ანგარიში

ლარი

2024 წლის იანვრიდან სადაზღვევო ზღვრის 30 ათას ლარამდე ზრდამ დაზღვეული დეპოზიტები 10.6 მილიარდ ლარამდე გაზარდა, ასევე გაიზარდა დაზღვეული დეპოზიტარი ფიზიკური და იურიდიული პირების რაოდენობაც.

დაზღვეული დეპოზიტებიდან 9.7 მილიარდი ლარზე მეტი ფიზიკურ პირებზე მოდის, ხოლო იურიდიულ პირებს მხოლოდ 0.9 მილიარდი ლარის დეპოზიტები აქვთ დაზღვეული. დაზღვეული დეპოზიტების რაოდენობა ფიზიკური პირების შემთხვევაში შარშან საშუალოდ 4%-ით, ხოლო იურიდიული პირების რიცხვი 4.5%-ით გაიზარდა. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს წლიურ ანგარიშში ასევე წერია, რომ 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, სრულად დაზღვეულია დეპოზიტარი ფიზიკური და იურიდიული პირების 98% და 90%.

ქვეყანაში დეპოზიტების დაზღვევის სისტემა 2018 წლიდან ამოქმედდა. დაზღვევა სავალდებულოა 30 ათას ლარამდე არსებული დეპოზიტების, რომლებიც განთავსებულია კომერციულ თუ მიკრობანკებში. შარშან ასეთი 17 კომერციული და ერთი მიკრობანკი იყო.

სადაზღვევო ზღვარი, რომელიც თავდაპირველად 5 ათასი ლარი იყო, ორჯერ გაიზარდა ჯერ 15 ათასი ლარიდან (2020 წლის 1 ივლისიდან), ხოლო 2024 წლის 1 იანვრიდან 30 ათას ლარამდე.

სისტემის ამოქმედებიდან დაზღვეული დეპოზიტების პროცენტული წილის მნიშვნელოვანი ზრდა 2020 და 2024 წელს დაფიქსირდა, რაც სადაზღვევო ზღვრის გაზრდას უკავშირდებოდა. 2022 წლიდან სისტემას იურიდიული პირების დეპოზიტები დაემატა, რამაც გაზარდა დეპოზიტების მთლიანი მოცულობა. ანგარიშის მიხედვით, ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების 53% დაზღვეულია ლარში, ხოლო 47% - უცხოურ ვალუტაში. დაზღვეული იურიდიული პირების დეპოზიტების შემთხვევაში დაზღვეული დეპოზიტების 74% დაზღვეულია ლარში, ხოლო 26% უცხოურ ვალუტაში.

კომერციული ბანკების მიერ წარმოდგენილი ანგარიშგების მიხედვით, 2024 წლის განმავლობაში სულ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანის მოცულობა თვიურად საშუალოდ 3.63%-ით იზრდებოდა. მაქსიმალური ზრდა (34.5%) 2024 წლის იანვრის თვეში დაფიქსირდა და რეგულარული სადაზღვევო შენატანის მთლიანმა მოცულობამ 5.19 მლნ ლარი შეადგინა. ჯამში შარშან იანვარ-დეკემბერში დეპოზიტების დაზღვევის ფონდში ბანკების მიერ რეგულარული სადაზღვევო შენატანის სახით 64 264 041 ლარი აკუმულირდა.

დეპოზიტების დაზღვევის ფონდში შეტანილი სახსრები, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და წლიური საინვესტიციო გეგმის შესაბამისად ინვესტირდება. ფონდის დაცულობისა და ლიკვიდურობის შენარჩუნების მიზნით, სახსრების ინვესტირება მხოლოდ დაბალრისკიან აქტივებში, კერძოდ, სახაზინო ფასიან ქაღალდებში ხორციელდება. ასევე, სააგენტო თავისუფალ სახსრებს განათავსებს ეროვნულ ბანკში ერთდღიან დეპოზიტის ანგარიშზე, სადაც დასარიცხი წლიური საპროცენტო სარგებელი განსაზღვრულია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ოდენობით.

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ყოველწლიური საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, სახაზინო ფასიან ქაღალდებში 2024 წლის 31 დეკემბრის თვის მდგომარეობით 275 414 273 ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა, სადაც სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულება 266 854 000 ლარს, ხოლო საბალანსო ღირებულება 273 178 288 ლარს წარმოადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები